ახალი კორონავირუსის ვაქცინა

გაბუნია: ქვეყანაში ვაქცინის დანერგვის გეგმაზე ტექნიკური მუშაობა დასრულებულია

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, სამინისტროს გუნდმა პარასკევს დაასრულა ვაქცინის დანერგვის გეგმის ტექნიკური ნაწილი. გეგმის შემუშავების პროცესში 82 სპეციალისტი იყო ჩართული, მათ შორის მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

როგორც თამარ გაბუნიამ თქვა, ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს უკვე გეგმის იმ ვერსიას, რაც მთავრობას გაეგზავნება დასამტკიცებლად და, მისი აზრით, კვირის ბოლომდე ეს პროცესი დასრულდება. 

"გეგმაში განსაზღვრულია სამი ეტაპი, რის მიხედვითაც მოხდება ვაქცინაცია – მაღალი რისკის ჯგუფების შემდეგ მოსახლეობის იმ ჯგუფებზე, ვისაც რისკი მაღალი არ აქვს, თუმცა, იმუნიტეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მათი მოცვა". – თქვა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მიზანია, ქვეყანაში მოზრდილი მოსახლეობის 60% აიცრას, რაც მისივე განმარტებით, იქნება გარანტია იმისთვის, რომ იმუნურობის დონე იყოს შესაფერისი და ეკონომიკა სტაბილურად და უსაფრთხოდ გაიხსნას. 

"რა თქმა უნდა, პირველი ჯგუფი არის ჯანდაცვის პროფესიონალები. შემდეგ ამას ყვება ასაკობრივი პაციენტები და სხვა ჯგუფები, რომლებსაც ასევე მაღალი რისკი აქვთ". – ამბობს თამარ გაბუნია. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ტემპერატურული ვაქცინა, რომელსაც აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა მარეგულირებელი ორგანოების აღიარება. 

"რამდენიმე ვაქცინაა ასეთი აღიარების, ეს არის Pfizer, AstraZeneca, Moderna. ამაზე ვსაუბრობთ, თუმცა, გეგმაში, როგორც კი ახალი ვაქცინა გამოჩნდება ბაზარზე მსგავსი აღიარების, რა თქმა უნდა, მასაც გაითვალისწინებს. 

გეგმაში არის დაკონკრეტებული ძალიან კონკრეტულად, რომ სამივე ტემპერატურული რეჟიმისთვის ქვეყანა არის მზად". – თქვა თამარ გაბუნიამ. 

საქართველოში ახალი კორონავირუსის მართვის პროტოკოლის ავტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, არაერთხელ თქვა, რომ ქვეყნისთვის Pfizer-ის ვაქცინის შემოტანა ვერ მოხერხდება, ვინაიდან ქვეყანას არ გააჩნია მისი შესანახი ვაქცინების საკმარისი რაოდენობა. როგორც თენგიზ ცერცვაძემ თქვა, ყველაზე რეალური AstraZeneca-სა და "ერთ-ერთი ჩინური ვაქცინის" შემოტანა ჩანს, რადგან ისინი არ საჭიროებენ შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის -80⁰ ან -20⁰ რეჟიმს და ინახება ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე. თუმცა, მოგვიანებით განმარტა, რომ ჩინური ვაქცინის შემოტანის რეკომენდაცია არ გაუცია. 

თენგიზ ცერცვაძისგან განსხვავებულად საუბრობენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე, ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე და მისი მოადგილე, თამარ გაბუნია

პაატა იმნაძემ 11 იანვარს თქვა, რომ ქვეყნის სამ ქალაქში არსებობს -80⁰-იანი მაცივრები, "ამის პრობლემა საერთოდ არ არსებობს და დღესვე მივიღებთ 200 000 დოზას". 

12 იანვარს ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ "უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა Pfizer-ის ვაქცინით გახდება შესაძლებელი". 

კომენტარები