კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა Pfizer-ის ვაქცინით გახდება შესაძლებელი

"საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა Pfizer-ის ვაქცინით გახდება შესაძლებელი". – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, საქართველოში აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან, შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიაც ესწრებოდა.

"ელჩთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ვისაუბრეთ პანდემიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე, ეპიდვითარებასა და ტესტირებაზე. შეხვედრის მთავარი თემა ვაქცინა იყო. ჩვენ კოვაქს პლატფორმასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და გვაქვს გარკვეული წინსვლა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა Pfizer-ის ვაქცინით იქნება შესაძლებელი". – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა, თავის მხრივ, საქართველოში COVID-19-ის შეკავების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები შეაფასა.

"ძალიან სასარგებლო შეხვედრა გვქონდა, სადაც მივიღე განახლებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობის გეგმების შესახებ, პანდემიის მართვის კუთხით, 2021 წელს. ახლა ყველა ელის მჭიდრო კოორდინაციას ვაქცინაციის გეგმასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ვაქცინაციის განხორციელების მკაფიო გეგმის არსებობა, არამხოლოდ საქართველოსა და აშშ-ში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, იმისათვის რომ უზრუნველვყოთ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება და რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს ეკონომიკის აღდგენა, თუ სკოლების გახსნა". – თქვა კელი დეგნანმა.

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორისა და ახალი კორონავირუსის მართვის პროტოკოლის ავტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით კი, საქართველოსთვის ოპტიმალურია ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტის და კომპანია AstraZeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინის შემოტანა, რადგან ის არ საჭიროებს შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის -80⁰ ან -20⁰ რეჟიმს და ინახება ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე.

11 იანვარს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ საქართველო Covid-ვაქცინაციისთვის მხოლოდ იმ ვაქცინების შემოტანას განიხილავს, რომლებსაც მკაცრი მარეგულირებელი ორგანიზაციების ავტორიზაცია ექნება. მან ბრიფინგზე თქვა, რომ ჯერჯერობით ჩინურ ვაქცინებს ავტორიზაცია არ აქვს და საქართველო მოლაპარაკებებს მხოლოდ ფაიზერის, ასტრაზენეკასა და მოდერნას ვაქცინების შემოტანაზე მართავს.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანა ვაქცინის "გარკვეულ მოცულობას" თებერვლის თვეში ელოდება.

 

კომენტარები