ახალი კორონავირუსის ვაქცინა

გაბუნია: I-II კვარტალი დაეთმობა რისკ-ჯგუფების აცრას, შემდეგ, სხვა ვაქცინებიც დაგვეწევა

თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ჯამში, ქვეყანას კორონავირუსის 3 900 000 დოზა ვაქცინა სჭირდება. მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ამაზე "ინტენსიურად უნდა დავიწყოთ მუშაობა".

მინისტრის მოადგილის განმარტებით, პირველად ჯანდაცვის სექტორის მუშაკები აიცრებიან, შემდეგ კი, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები და მათი პერსონალი.

ამის შემდეგ, ვაქცინაცია 75 წლის ზემოთ პირებს შეეხებათ. პირველი ფაზის ჯგუფს 64-დან 75-მდე ადამიანები დაასრულებენ.

თამარ გაბუნიას თქმით, მეორე ფაზიდან, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან სტრატეგიული სერვისების მიმწოდებლები,  ამას მოსდევს  55 წლიდან 64 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი, შემდეგ კი, 18-დან 54 წლამდე ასაკობრივი  ჯგუფის ის პირები, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები.

"ამის შემდეგ რჩება მოსახლეობის სხვა ჯგუფები. ეს რაოდენობა არის დაახლოებით 1 700 000 ბენეფიციარი, ამდენად, ვაქცინების საერთო რაოდენობა, რაც დაგვჭირდება მთლიანად მოცვისთვის, არის 3 900 000. ეს არის საკმაოდ დიდი რაოდენობა დოზების და ინტენსიურად უნდა დავიწყოთ ამაზე მუშაობა.

პირველი-მეორე კვარტალი დაეთმობა პირველი-მეორე ეტაპის ჯგუფების მოცვას და შემდეგ უკვე მასობრივი ვაქცინაციის კამპანიები დაიწყება. მერწმუნეთ, ბევრო ვაქცინა, რომელიც დღეს არის გაიდლანში და ელოდება ავტორიზაციას, დაგვეწევა და მოგვცემს საშუალებას, რომ წლის ბოლომდე ეს ჯგუფები იქნეს მოცული" - ამბობს მინისტრის მოადგილე.

კომენტარები