ახალი კორონავირუსის ვაქცინა

აშშ-ში ფარმაცევტს ბრალად ედება Moderna-ს ვაქცინის 570 დოზის განადგურება

31 დეკემბერს აშშ-ს ქალაქ მილუოკიში ფარმაცევტი დააპატიმრეს. მას ბრალად ედება გასულ კვირას ახალი კორონავირუსის Moderna-ს ვაქცინის დაახლოებით 570 დოზის "გაყალბება და მათი განადგურების გამოწვევა".

გრაფტონის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ფარმაცევტი, რომელიც Advocate Aurora Health-დან უკვე გაათავისუფლეს, დააკავეს უგუნურად საფრთხის შექმნის, წამლების გაყალბების და ქონებისთვის დანაშაულებრივი ზიანის მიყენებისათვის.

ოფიციალური პირების მიერ Aurora Health-ის საზოგადოებრივი უსაფრთხოების წარმომადგენლებთან მიწერილ განცხადებაში წერია, რომ პასუხისმგებელმა ფარმაცევტმა აღიარა, ვაქცინის განზრახ გაფუჭება, "რადგან იცოდა, რომ, თუ ვაქცინა სათანადოდ არ იყო შენახული, ის არაეფექტიანი იქნებოდა".

Moderna-ს ვაქცინის ფლაკონები 36-დან 46 ფარენჰაიტის ტემპერატურაზე ინახება. ისინი ეფექტიანი იქნება, თუ მათ 12 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე დატოვებენ, თუმცა ამ დროის გასვლის შემდეგ გამოუსადეგარი ხდება.

Aurora Medical-ის წარმომადგენელმა თქვა, რომ ყოფილმა თანამშრომელმა განზრახ გამოიღო ვაქცინის ფლაკონები მაცივრიდან ორჯერ - 24 დეკემბერს ღამით, რის შემდეგაც მან ისინი ისევ შეინახა და შემდეგ 25 დეკემბერს დილით.

შობის დილას ერთ-ერთმა თანამშრომელმა აღმოაჩინა, რომ ვაქცინის ფლაკონები მაცივრის გარეთ იყო და დაუყოვნებლივ შეატყობინა ზემდგომ პირებს. 

შედეგად, მედიკოსები იძულებულები გახდნენ, გადაეგდოთ ვაქცინის 570 დოზა. 

გრაფტონის პოლიციის დეტექტივებმა დაადგინეს, რომ ასეთი ვაქცინა მიიღო 57-მა პაციენტმა მანამდე, სანამ მათ გადააგდებდნენ. პაციენტებს უკვე შეატყობინეს მომხდარის შესახებ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გაფუჭებული ვაქცინის დოზების ღირებულება 8 000-დან 11 000 აშშ დოლარამდე მერყეობს.

ეჭვმიტანილი ამჟამად ციხეშია.

Moderna-ს ვაქცინა აშშ-ში გამოსაყენებლად 19 დეკემბერს დაამტკიცეს. კომპანიის მონაცემებით, მათი ვაქცინის ეფექტიანობა 94%-ია, მძიმე შემთხვევებისას პრეპარატის ეფექტიანობა 100%-საც აღწევს. ვაქცინის კლინიკურ კვლევებში 30 000 ადამიანი მონაწილეობდა. 

კომენტარები