ახალი კორონავირუსის ვაქცინა

Oxford-ის ვაქცინის რუსულ Sputnik V-თან კომბინაციით გამოცდას აპირებენ

AstraZeneca ცდების ჩატარებას აპირებს, რათა გაიგოს, შეიძლება თუ არა, რომ წარმატებით გამოიყენოს Oxford/AstraZeneca-ს მიერ განვითარებული ექსპერიმენტული კორონავირუსის ვაქცინა რუსულ ვაქცინა Sputnik V-სთან კომბინაციით . ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს AstraZeneca-ს რუსული განშტოება.

ცდებში მონაწილობას მიიღებენ 18 წლის და უფროსი პირები. 

აღსანიშნავია, რომ ეფექტიანობის გაზრდის მიზნით თავდაპირველად Sputnik V-ის შემქმნელებმა 26 ნოემბერს შესთავაზეს AstraZeneca-ს, რომ რუსულ ვაქცინასთან AstraZeneca-ს ვაქცინის კომბინაცია გამოცადონ.

"ორივე AZD1222 და Sputnik V ადენოვირუსული ვექტორის ვაქცინებია, რომლებიც შეიცავენ SARS-CoV-2-ის ვირუსული S პროტეინის გენეტიკურ მასალას" - ვკითხულობთ AstraZeneca-ს რუსული განშტოების განცხადებაში.

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციის ფონდმა (RDIF), რომელმაც დააფინანსა Sputnik V-ის განვითარება, განაცხადა, რომ AstraZeneca-ს კლინიკური კვლევები თვის ბოლოს დაიწყება.

RDIF-ში ასევე თქვეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ცდები ეფექტიანი შედეგით გასრულდება, რუსეთს სურს, ერთობლივად აწარმოოს ახალი ვაქცინა. 

ოქსფორდის უნივერსიტეტისა და კომპანია AstraZeneca-ს მიერ შემუშავებული COVID-19-ის ვაქცინა 70%-ით ეფექტიანია. ის ოქსოფრდის ვაქცინა Moderna-სა და Pfizer-ის ვაქცინებზე ნაკლებად ეფექტიანია, თუმცა ის, სავარაუდოდ, უფრო იაფი იქნება, ხოლო მისი შენახვა და ტრანსპორტირება – უფრო მარტივი, რის გამოც სავარაუდოა, რომ პანდემიასთან ბრძოლაში ოქსფორდის ვაქცინაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. 

საინტერესოა, რომ ვაქცინის ეფექტიანობა 90%-მდე გაიზარდა მოხალისეების იმ ჯგუფში, რომლებმაც პირველ ეტაპზე ვაქცინის ნახევარი დოზა მიიღეს, ხოლო მეორე ეტაპზე სრული დოზა. ჯერჯერობით, უცნობია, რა განაპირობებს ამ განსხვავებას.

რაც შეეხება რუსეთს, ქვეყანაში აცხადებენ, რომ, წინასწარი მონაცემებით, კორონავირუსის რუსული ვაქცინა Sputnik V ეფექტიანია 95%-ით, რაც წარმატების ისეთივე მაჩვენებელა, როგორიც Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინებისა. 

რუსეთის ოფიციალური მონაცემებში ყველა არ არის დარწმუნებული. ეჭვები აღძრა იმ ფაქტმა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ნაჩქარევად გასცა ვაქცინის ლიცენზია, იქამდე, ვიდრე კვლევის მესამე ფაზის შედეგები ხელმისაწვდომი გახდებოდა. 

მოგვიანებით რუსეთის კორონავირუსის მეორე ვაქცინაც დარეგისტრირდა. მიუხედავად პუტინის განცხადებებისა, რომ ორივე ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია, თავად აცრა ამ დრომდე არ გაუკეთებია.

კომენტარები