ალექსეი ნავალნი

"ჩვენ სახლში მივფრინავთ" – ალექსეი ნავალნი რუსეთში ბრუნდება

იულია და ალექსეი ნავალნები
Instagram

ალექსეი ნავალნი მოსკოვში ბრუნდება. პოლიტიკოსის რეისი ბერლინის აეროპორტიდან უკვე გაფრინდა. მოსკოვში, ვნუკოვის აეროპორტში რეისი მოსკოვის დროით 19:20-ზე უნდა დაჯდეს.

ბერლინიდან გამოფრენის წინ პოლიტიკოსმა თავის Instagram-ზე მოკლე ვიდეო გამოაქვეყნა.

"ბიჭუნა, არაყი მოგვიტანე, ჩვენ სახლში მივფრინავთ". – ამბობს პოლიტიკოსის ცოლი იულია ნავალნაია ვიდეოში.

რუსეთში დაბრუნების შესახებ ალექსეი ნავალნიმ 13 იანვარს გამოაცხადა. პოლიტიკოსის გუნდმა მხარდამჭერებს მოუწოდა, მას აეროპორტში დახვედროდნენ. ნავალნის აეროპორტში დახვედრას რამდენიმე ათასი ადამიანი აპირებდა, მათ შორის მისი მოწინააღმდეგეებიც. რუსმა პროკურორებმა ნავალნის მხარდამჭერები გაააფრთხილეს რომ მას აეროპორტში არ დახვდნენ.

ვნუკოვის აეროპორტმა ჟურნალისტებს ნავალნის ჩამოსვლის გაშუქება აუკრძალა. აეროპორტში მობილიზებულია პოლიცია და შენობაში შესვლა მხოლოდ ბილეთის მქონე მგზავრებს შეუძლიათ.

სამშობლოში დაბრუნებული ნავალნი შესაძლოა დააპატიმრონ. 12 იანვარს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს მიმართა, რათა "ივ როშეს" საქმესთან  დაკავშირებით ნავალნის პირობითი პატიმრობა თავისუფლების აღკვეთით შეეცვალოს. დეკემბრის ბოლოს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის დაემუქრა, რომ, თუ ის 29 დეკემბრის 9:00 საათზე უწყების ფილიალში არ გამოცხადება, პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლას მოითხოვს.

ნერვულ აგენტ "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა და, როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მიერ დაწესებულ ვადებში რუსეთში ვერ დაბრუნდება.

ამჟამად ალექსეი ნავალნი "ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით გამოსაცდელი ვადა აქვს. 2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა, ოლეგი, დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, მას 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა მიესაჯა. მოგვიანებით გამოსაცდელი ვადა 1 წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოწურა. თუ სასამართლო სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მხარეს დაიჭერს, ნავალნის, შესაძლოა, 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

გარდა ამისა, დეკემბრის ბოლოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ  აღძრა ახალი საქმე თაღლითობის მუხლით. გამოძიების ვერსიით, ნავალნის ორგანიზაციამ, ანტიკორუფციულმა ფონდმა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა 356 მილიონი რუბლი, რომელიც შემოწირულობებით შეგროვდა. ამით საქმე აღძრულია ჯგუფის მიერ ჩადენილი ორგანიზებული თაღლითობისთვის, რომელიც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავად პოლიტიკოსმა საქმე დაუკავშირა თავისი მოწამვლის გამოძიებას. ალექსეი ნავალნი "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნერვული აგენტით აგვისტოში მოწამლეს. მოწამვლის ჟურნალისტურ გამოძიებაში თავად ოპოზიციონერი მონაწილეობდა.

კომენტარები