გიორგი რურუა

რურუა: რუსი ოლიგარქის პირადი პატიმრის მხარდაჭერა ბელარუსის თავისუფალ მოქალაქეებს

მთავარი არხის თანამესაკუთრე, პოლიტპატიმარი გიორგი რურუა Facebook-ზე ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. როგორც რურუა წერს, ბელორუსი ხალხის გვერდში დგომა და გამხნევება მაშინ, როცა საქართველოს მთავრობა დუმს, მნიშვნელოვანია. 

"რუსი ოლიგარქის პირადი პატიმრის მხარდაჭერა,თავისუფალი ბელორუსის თავისუფალ მოქალაქეებს. ჩვენი ხელისუფლების სამარცხვინო დუმილის სანაცვლოდ მნიშვნელოვანია ბელორუსი ხალხის გვერდში დგომა და გამხნევება. ვთხოვ ჩემს მეგობრებს შეკრების ორგანიზებას.

პოლიტპატიმარი გიორგი რურუა

17 აგვისტო 2020 წელი". – წერს რურუა. 

უკვე კვირაზე მეტია, რაც ბელარუსში აქციები მიმდინარეობს. აქციები 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს.

ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვს, რომელმაც დღეს, 17 აგვისტოს გაფიცულ მუშებთან შეხვედრის დროს თქვა, რომ სანამ არ მოკლავენ, ახალ არჩევნებს არ დანიშნავს.

კომენტარები