მე-10 მოწვევის პარლამენტი

ახვლედიანი: არ მოველაპარაკები ვინც თვლის, საერთო ინტერესის გარეშე პარლამენტში უნდა შევიდეს

ევროპული საქართველოს წევრის, არმაზ ახვლედიანის თქმით, ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს არ აპირებს ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების იმ ნაწილთან, რომლებიც ოპოზიციური საერთო ინტერესის გაუთვალისწინებლად პარლამენტში შესვლას აპირებს.

ახვლედიანმა ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა გირჩთან ან მოქალაქეებთან მოლაპარაკებებს.

"მხარს ვუჭერ დიდ ოპოზიციურ ერთობას, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში, რომელმაც ფაქტობრივად მოიგო ეს არჩევნები, მაგრამ უსამართლობის გამო ჩვენ ჯერ კიდევ გვქვია ოპოზიცია. მე არ ვაპირებ, ინდივიდუალურად ვაწარმოო მოლაპარაკებები ქართული ოცნების ან პოლიტიკური სპექტრის იმ ნაწილთან, რომელსაც მიაჩნია, რომ უნდა შევიდეს პარლამენტში და ეს უნდა მოხდეს ჩვენი სახელმწიფო ინტერესების, კონკრეტულად, ოპოზიციის ჯანსაღი ინტერესების გაუთვალისწინებლად.

მოლაპარაკებას აზრი შეიძლება ჰქონდეს მაშინ, როდესაც გათვალისწინებულია საერთო ოპოზიციური პლატფორმა. მე არ მიმაჩნია, რომ უნდა დავყოთ ადამიანები: აი, ამასთან ვისაუბრებთ და იმასთან არ ვისაუბრებთ. მე მაგალითად, არავის არ დავყოფდი, არც ოპოზიციურ სპექტრში და არც ქართულ ოცნებაში, თუ მოლაპარაკებაზე მიდგება საკითხი. ვფიქრობ, მოლაპარაკება შესაძლებელია. მთავარია, რა არის მოლაპარაკების თემა და რამდენად შედეგიანია ის". - თქვა მან.

ახვლედიანის აზრით, ახლა ოპოზიციური ერთობის საერთო ხედვაა  საჭირო, რათა განისაზღვროს ვადამდელი არჩევნების თარიღი.

"ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია. რაც შეეხება დროს, ეს შეიძლება იყოს მოლაპარაკების საგანი, მაგრამ ამისთვის საჭიროა ბრძოლაში გამობრძმედილი ოპოზიციური ერთობის საერთო ხედვა. ვფიქრობ, ახლა ამ ერთობის შენარჩუნება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის. ეს არც არავის ახირებაა და არც სკამებისთვის ბრძოლა, აქ საუბარია იმაზე, როგორი იქნება საქართველო ხვალ – განვითარებული, დემოკრატიული, თუ კვლავ ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი". - თქვა მან.

გუშინ, 15 იანვარ, გირჩის წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა თქვა, რომ აპირებს, ევროპული საქართველოს იმ წევრებს ესაუბროს, რომლებიც ცესკოს მონაცემებით პარლამენტში შევიდნენ. მისივე თქმით, ტარიელ ნაკაიძესა და  არმაზ ახვლედიანს "როგორც ჩანს, ადამიანებად არ თვლიან." 

კომენტარები