არჩევნები 2020

გიგა ბოკერიამ 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, ტელეკომპანია ფორმულას ეთერში სამომავლო გეგმებსა და 2020 წელს წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა.

ბოკერიას თქმით, ახლა დასაგეგმია რეგიონებში ამომრჩევლებთან კომუნიკაცია და, ასევე, ეპიდემიური მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ, პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად საპროტესტო აქციები. მისივე თქმით, ამ პროცესში საჭიროა, რომ არ გაიმეორონ წინასაარჩევნო პერიოდში დაშვებული შეცდომები და ამის ერთ-ერთ მაგალითად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეუთანხმებლობა მოჰყავს.

"ჩვენ უნდა დავგეგმოთ ისიც, კარგ და საუკეთესო სცენარშიც კი, როგორც ვმოქმედებთ, იმიტომ რომ ყველა სცენარის შემთხვევაში ეს კონსტრუქტი, რაც ივანიშვილს აქვს, არის სახიფათო ქვეყნისთვის და ჩვენ გვჭირდება იმ შეცდომების გათვალისწინება, რაც წინა კამპანიის დროს იყო დაშვებული. იყო ადგილები, სადაც ადგილზე მოგების განცდა შეიქმნა, მაგრამ ქვეყანაში ვერ შეიქმნა და აქ ობიექტურ ფაქტორებთან ერთად, როგორიც იყო კოვიდი და ა.შ. იყო სუბიექტური ფაქტორები - ვერ შეთანხმება მაჟორიტარულ ოლქებზე ქვეყანაში, რომელიც მოწინააღმდეგის პროპაგანდამ ძალიან ეფექტიანად გამოიყენა, როგორც დემონსტრირება იმისი, რომ ეს ხალხი ვერ მართავს ერთად ქვეყანას და ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ და ამჯერად ასეთი შეცდომა არ უნდა დავუშვათ". - თქვა მან.

პოლიტმეტრის წამყვანის კითხვაზე, რამ გამოიწვია 2018 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ევროპული საქართველოს რეიტინგის ვარდნა, გიგა ბოკერიამ უპასუხა, რომ, ერთი მხრივ, ეს განაპირობა მაჟორიტარ კანდიდატებზე შეუთანხმებლობამ, რადგან პროცესის ლიდერი მისი პარტია იყო და "პროექტი ჩაუვარდათ", ხოლო შემდეგ პოლარიზაციამ, რაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ პრემიერმინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის დასახელებით იყო განპირობებული.

"მე მგონია, რომ ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ჩვენ ვიყავით ლიდერები ამ პროცესის, რომ შეჯერება მომხდარიყო და წინასაარჩევნოდ მარცხი ყოველთვის ცუდი ამბავია ხოლმე და მერე მოხდა პოლარიზაცია - კონკრეტული პრემიერმინსიტრის, სააკაშვილის დასახელება". - თქვა მან.

ბოკერიამ ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პოლარიზაციამ ევროპული საქართველოს სასიკეთოდ არ იმუშავა, რადგან 2019 და 2020 წლებში ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობის რეჟიმში იყვნენ, განსხვავებით 2017 და 2018 წლებისგან, როდესაც, მისი თქმით, ენმ-სთან  "მეტი დისტანცირება ჰქონდათ".

ამის შემდეგ, წამყვანმა ევროპული საქართველოს ლიდერს ჰკითხა, დააზიანა თუ არა პარტია ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად საერთო მაგიდასთან ჯდომამ, რაზეც გიგა ბოკერიამ უპასუხა, რომ ეს ასე იყო და აღნიშნა, რომ პარტიამ სათანადოდ ვერ მოახერხა განსხვავებების გამოკვეთა, რადგან ობიექტური რეალობა ენმ-სთან თანამშრომლობისკენ უბიძგებდათ.

"რა თქმა უნდა. ოღონდ მე მათ კი არ ვდებ მაგაში ბრალს... 20 ივნისიდან დაწყებული, უფრო ადრეც, აბსოლუტურად სწორედ, როდესაც გვიწევდა თანამშრომლობა და კონსულტაციები ყველა საკითხზე, ერთად მოქმედება. რთულია გამოკვეთა საკუთარი თავის. თქვენ გახსოვთ ალბათ, პროპაგანდამ როგორ იმუშავა, როდესაც ჩვენ სწორად, ჩემი აზრით, მხარი დავუჭირეთ ზურაბიშვილის წინააღმდეგ გრიგოლ ვაშაძეს, ქვეყნისთვის იყო სწორი, ოღონდ პროპაგანდამ ეს გამოიყენა. ამის შემდეგ იყო მომენტები, როდესაც ვცდილობდით გამოკვეთას ჩვენი განსხვავების. როდესაც ვიღაც უფრო დიდია, ყოველთვის უნდა გამოკვეთო განსხვავებები, მაგრამ ობიექტური რეალობა გვიბიძგებდა თანამშრომლობისკენ და ახლაც იგივე არის. ოღონდ მერე ეს პროექტი ჩვენი - კოორდინაცია მაჟორიტარების ნაწილში ჩავარდა, არა თქვენი წინა სტუმრის [ნიკა მელიას] გამო, არამედ სხვების გამო". - თქვა მან.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ხმების არგაყოფის მიზნით ოპოზიციამ თბილისში, 8 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები წარადგინა. თუმცა, შეთანხმებაში მონაწილეობის მიუხედავად, ძალა ერთობაშია - ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ისნის მაჟორიტარულ ოლქში გიორგი ვაშაძეს კონკურენტად ხატია დეკანოიძე დაუყენა. პარტიაში გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ "კანდიდატის გარშემო პოლიტიკური რეალობა შეიცვალა". მათივე მტკიცებით, მას შემდეგ, რაც ვაშაძემ პოლიტიკური გაერთიანება ძალა ერთობაშია დატოვა და თაკო ჩარკვიანთან ერთად სტრატეგია აღმაშენებელი დააფუძნა, მისი შანსი, დაამარცხოს ბიძინა ივანიშვილი, შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ გიორგი ვაშაძეს კონკურენტი თავად დაუყენა, პარტია "ოპოზიციურ ერთობაში ბზარის გაჩენაში" მაინც ვაშაძეს ადანაშაულებდა.

კომენტარები