Politico ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონიის რეპეტიცია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გამო გადაიდო.
რეპეტიცია კვირას, 17 იანვარს იყო დაგეგმილი და ერთი დღით გადაიდო.
ინაუგურაციის ცერემონია 20 იანვარს უნდა გაიმართოს. ცნობილია, რომ აშშ-ს ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს. ინაუგურაციის შემდეგ CBS-ის, ABC-ს, CNN-ის, NBC-ს და MSNBC-ს ეთერებში გავა სპეცილური გადაცემა, რომელსაც მსახიობი ტომ ჰენქსი წაიყვანს. პანდემიის გამო გაუქმდა ტრადიციული აღლუმი და მეჯლისი.
მიმდინარე კვირას აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ინაუგურაციის წინ ვაშინგტონისა და ქვეყნის მასშტაბით შესაძლო შეიარაღებულ პროტესტების შესახებ გაფრთხილება გასცა.
აშშ-ს დედაქალაქის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ეროვნულმა გვარდიამ ვაშინგტონში 15 000-მდე სამართალდამცველის მობილიზების უფლება მიიღო. გარდა ამისა, 24 იანვრამდე ტურისტებისთვის დაიხურა ვაშინგტონის მონუმენტი.
კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის შემდეგ ბაიდენს კითხვა დაუსვეს ინაუგურაციის ცერემონიის უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც, რაზეც მან უპასუხა:
"სრულიად სხვა სამსახური იქნება ამაზე პასუხისმგებელი, საიდუმლო სამსახური. მათ სრულად ვენდობი და ბოლომდე მწამს მათი შესაძლებლობის, რომ უზრუნველყოფენ ინაუგურაციის ცერემონიის უსაფრთხოდ ჩატარებას".
ბაიდენმა ინაუგურაციამდე შიდა უსაფრთხოების მრჩევლის მოვალეობის შესრულება ობამას ადმინისტრაციის დროს ანტიტერორიზმის მიმართულებით პრეზიდენტის მრჩეველს, ლიზა მონაკოს სთხოვა.