ჯო ბაიდენის ინაუგურაცია

ჯო ბაიდენმა ინაუგურაციის ცერემონიაზე წარმოთქმულ სიტყვაში ერთობაზე ისაუბრა

ჯო ბაიდენი

ვაშინგტონში აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და ვიცეპრეზიდენტის, კამალა ჰარისის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. მას დაესწრნენ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები, ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში და ბარაკ ობამა. ასევე ყოფილი ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი. ინაუგურაციას არ დასწრებია დონალდ ტრამპი.

ჯო ბაიდენი აშშ-ს 46-ე პრეზიდენტი გახდა. ცერემონიაზე წარმოთქმულ სიტყვაში მან ყურადღება ერთიანობაზე გაამახვილა. გთავაზობთ გამოსვლას სრულად:

ეს ამერიკის დღეა. ეს დემოკრატიის დღეა. ისტორიისა და იმედის დღე, განახლების და სიმტკიცის. წლების მანძილზე ამერიკა არაერთხელ დამდგარა გამოცდის წინაშე და ყოველთვის გამკლავებია გამოწვევებს. დღეს ვზეიმობთ არა კანდიდატის ტრიუმფს, არამედ მიზნის, დემოკრატიის. ხალხის ნება გათვალისწინებულია. ხალხის ნება აღსრულდა. კიდევ ერთხელ ვისწავლეთ, რომ დემოკრატია ძვირფასია, სათუთია და დღეს, ჩემო მეგობრებო, დემოკრატიამ გაიმარჯვა.

ახლა აქ, სადაც სულ რამდენიმე დღის წინ ძალადობით სცადეს, შეერყიათ კაპიტოლიუმის საძირკველი, ჩვენ გავერთიანდით როგორც ერთი ერი, ღმერთის წყალობით, დაუყოფლები, რათა აღვასრულოთ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა, როგორც ამას ორ საუკუნეზე მეტია, ვაკეთებთ.

წინ ვიყურებით, უნიკალური ამერიკული გზისაკენ, დაუღალავი, მამაცი, ოპტიმიზმით სავსე და დავისახავთ ქვეყანას, რომელიც ვიცით, რომ შეგვიძლია ვიყოთ და უნდა ვიყოთ.

მადლობას ვუხდი ჩემს წინამორბედებს ორივე პარტიიდან, პრეზიდენტებს, რომლებიც აქ არიან. ვიცი, რომ ჩვენი კონსტიტუციის გამძლეობა და ჩვენი ქვეყნის ძალა, როგორც ეს იცის პრეზიდენტმა კარტერმა, რომელსაც გუშინ ღამით ვესაუბრე. მან ვერ შეძლო ჩვენთან ერთად ყოფნა დღეს, მაგრამ იქ, სადაც არის, მადლობას ვუხდით მის მიერ გაწეული სამსახურისთვის.

ახლა დავდე ფიცი, რომელიც თითოეულმა ამ პატრიოტმა დადო. ფიცი, რომელიც პირველად ჯორჯ ვაშინგტონმა დადო. ამერიკის ისტორია დამოკიდებულია არა რომელიმე ერთ ჩვენგანზე, არა ზოგ ჩვენგანზე, არამედ ჩვენზე, ყველაზე. ჩვენ, ხალხი, ვესწრაფვით უფრო იდეალურ ერთობას. ეს დიდებული ქვეყანაა. ჩვენ კარგი ხალხი ვართ. საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ვიღვწვით, ომსა და მშვიდობაში, და ასე შორს მოვედით, მაგრამ გასავლელი კიდევ ბევრია.

ჩვენ წინ ვივლით მეტი სისწრაფით, რადგან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი ამ სახიფათო და მნიშვნელოვანი შესაძლებლობების ზამთარს. ბევრია აღსადგენი, გასამრთელებელი, ასაშენებელი, ბევრი ჭრილობაა მოსაშუშებელი, ბევრია მისაღწევი.

ქვეყნის ისტორიაში ცოტა ადამიანი ყოფილა უფრო დიდი გამოწვევების წინაშე და რთული დროის წინაშე, როგორიც ახლაა. ქვეყანაში დადის ვირუსი, რომლის მსგავსიც საუკუნეში ერთია. უფრო მეტი ამერიკელის სიცოცხლე შეიწირა ერთ წელში, ვიდრე მეორე მსოფლიო ომმა. დაიკარგა მილიონობით სამუშაო ადგილი. ასობით ათასი ბიზნესი დაიხურა. შეგვძრა 400 წლის განმავლობაში დაგროვილმა გამოძახილმა რასობრივი სამართლიანობისათვის. აღარ დაყოვნდება ოცნება საყოველთაო სამართლიანობაზე.

პლანეტისაგან მოდის ძახილი გადარჩენისთვის. ეს ძახილი ვერ იქნება უფრო სასოწარკვეთილი და ნათელი. ახლა მზარდია პოლიტიკური ექსტრემიზმი, რასიზმი, შიდა ტერორიზმი, რასაც უნდა დავუპირისპირდეთ და რასაც დავამარცხებთ.

ამ გამოწვევების დასაძლევად, ამერიკის სულისა და მომავლის აღსადგენად, უფრო მეტი იქნება საჭირო, ვიდრე სიტყვები. საჭირო იქნება დემოკრატიის ყველაზე მოუხელთებელი რამ - ერთიანობა.

1963 წლის იანვარში, ახალი წლის დღეს, აბრაამ ლინკოლმა ხელი მოაწერა ემანსიპაციის პროკლამაციას. როდესაც მან კალამი ფურცელს დაადო, თქვა: "თუ ჩემი სახელი ოდესმე შევა ისტორიაში, ეს ამ აქტისთვის იქნება და მთელი ჩემი სული მასშია". დღეს ჩემი მთელი სული არის ამაში - ამერიკის გაერთიანებაში, ჩვენი ხალხის, ერის გაერთიანებაში და ყველა ამერიკელს ვთხოვ, ამ საქმეში შემომიერთდეს.

გავერთიანდეთ მტრების წინაშე - ბრაზის, წყენის და სიძულვილის, ექსტრემიზმის, უკანონობის, ძალადობის, ავადმყოფობის, უმუშევრობის, უიმედობის. ერთიანობით დიდებული, მნიშვნელოვანი რამის მიღწევა შეგვიძლია. შეგვიძლია, გამოვასწოროთ უსამართლობა, ხალხს კარგი სამუშაო ადგილები მივცეთ, ვასწავლოთ ჩვენს შვილებს უსაფრთხო სკოლებში, დავამარცხოთ მომაკვდინებელი ვირუსი, ავაღორძინოთ საშუალო კლასი და გავხადოთ ჯანდაცვა ყველასთვის გარანტირებული, მივაღწიოთ რასობრივ სამართალს და გავხადოთ ამერიკა კიდევ ერთხელ წამყვანი ძალა მსოფლიოში.

ვიცი, რომ ამ დღეებში ერთიანობაზე საუბარი ზოგისთვის, შესაძლოა, სულელურ ფანტაზიას ჰგავდეს. ვიცი, რომ ძალები, რომლებიც გვყოფს ღრმა და რეალურია. მაგრამ ასევე ვიცი, რომ ახალი არაა. ჩვენი ისტორია იყო მუდმივი ბრძოლა ამერიკულ იდეალს, რომ ყველა თანასწორია და სასტიკ რეალობას შორის, რასიზმის, ნატივიზმის, შიშის, დემონიზების, რაც ერთმანეთისგან გვაშორებდა. ეს ბრძოლა მარადიულია და გამარჯვება არასდროსაა გარანტირებული. სამოქალაქო ომის, დიდი დეპრესიის, მსოფლიო ომის, 9 სექტემბრის, ტანჯვის, მსხვერპლის, უკან დახევის დროს ჩვენი საუკეთესო ანგელოზები ყოველთვის იმარჯვებდნენ.

ყველა ამ მომენტში საკმარისი ჩვენგანი გაერთიანდა, რათა ყველა წინ წავეყვანეთ. ეს შეგვიძლია, გავაკეთოთ ახლა. ისტორია, რწმენა, ლოგიკა გვაჩვენებს გზას, ერთიანობის გზას. შეგვიძლია, ვხედავდეთ ერთმანეთს არა როგორც მოწინააღმდეგეებს, არამედ როგორც მეზობლებს. შეგვიძლია, ერთმანეთს პატივისცემით მოვექცეთ. შეგვიძლია, გავაერთიანოთ ძალები, შევწყვიტოთ ყვირილი და დავწიოთ ტემპერატურა. ერთიანობის გარეშე არაა მშვიდობა, მხოლოდ ბრაზი და სიმწარე. არ არის პროგრესი, მხოლოდ დამღლელი ძალმომრეობა. არ არის ქვეყანა, მხოლოდ ქაოსია. ეს ჩვენი ისტორიული მომენტია, კრიზისის და გამოწვევების და ერთიანობა არის წინსვლის გზა. და ჩვენ უნდა შევხვდეთ ამ მომენტს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები.

თუ ამას გავაკეთებთ, გარანტიას გაძლევთ, რომ არ დავმარცხდებით. არასოდეს დავმარცხებულვართ,ვმოქმედებდით ერთად და დღეს აქ, ახლა დავიწყოთ ახლიდან. კვლავ დავიწყოთ ერთმანეთის მოსმენა. გავიგონოთ ერთმანეთის, დავინახოთ ერთმანეთი, პატივი ვცეთ ერთმანეთს. პოლიტიკა მოგიზგიზე ცეცხლი არ უნდა იყოს, რომელიც საკუთარ გზაზე ყველაფერს ანადგურებს. ყველა უთანხმოება ტოტალური ომის საბაბი არ უნდა იყოს. უარი უნდა ვთქვათ კულტურაზე, რომელშიც თავად ფაქტები მანიპულირებული და გაყალბებულია.

ჩემო თანამოქალაქეებო, ამისგან განსხვავებული უნდა ვიყოთ. ამერიკა ამაზე უკეთესი უნდა იყოს. მე მჯერა, რომ ამერიკა ამაზე ბევრად უკეთესია. უბრალოდ მიმოიხედეთ. ვდგავართ კაპიტოლიუმის გუმბათის ჩრდილქვეშ, რომელიც სამოქალაქო ომის დროს აშენდა, როდესაც ერთობა ბეწვზე ეკიდა, ჩვენ გავუძელით, გავიმარჯვეთ. აქ გადავყურებთ პარკს, სადაც დოქტორი კინგი თავის ოცნებაზე საუბრობდა. აქ 108 წლის წინ კიდევ ერთ ინაუგურაციაზე ათასობით მომიტინგემ სცადა წინ აღდგომოდა მამაც ქალებს, რომლებიც ხმის უფლებისთვის მართავდნენ მსვლელობას. დღეს გვყავს პირველი ქალი ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი. არ მითხრათ, რომ ვერაფერი შეიცვლება.

ვდგავართ არლინგტონის სასაფლაოსთან, სადაც თავდადებული გმირები განისვენებენ. აქ ვდგავართ სულ რაღაც დღეების შემდეგ, რაც ბრბომ იფიქრა, რომ შეეძლოთ ძალადობის გამოყენებით გაეჩუმებინათ ხალხის ნება, შეეჩერებინათ ჩვენი დემოკრატიის მუშაობა, გავედევნეთ ამ წმინდა ადგილიდან. ეს არ მომხდარა. ეს არასოდეს მოხდება. არც დღეს, არც ხვალ, არც არასდროს.

ყველას, ვინც ჩვენს კამპანიას მხარს უჭერდა, მინდა ვუთხრა, რომ მადლიერი ვარ იმ რწმენის, რაც ჩვენს მიმართ გამოავლინეთ. ყველას, ვინც მხარს არ გვიჭერს, მინდა ვუთხრა - მისმინეთ წინსვლისას, გამზომეთ მე და ჩემი გული, თუ მაინც არ დამეთანხმებით, და ასე იყოს. ესაა დემოკრატია, ესაა ამერიკა. მშვიდობიანად სხვადასხვა აზრზე ყოფნა. უთანხმოებას არ უნდა მოჰყვეს ერთობის დაშლა. გპირდებით, რომ ყველა ამერიკელის პრეზიდენტი ვიქნები. გპირდებით მათთვისაც ისევე ვიბრძოლებ, ვინც მხარი არ დამიჭირა, როგორც მათთვის, ვინც დამიჭირა.

ბევრი საუკუნის წინ წმინდა ავგუსტინემ, ჩემი ეკლესიის წმინდანმა, დაწერა, რომ ხალხი იყო ერთობა, რომელიც განისაზღვრებოდა მათი სიყვარულის საერთო საგნებით. რა არის ის საერთო საგნები, რაც ჩვენ, როგორც ამერიკელებს გვიყვარს? რაც განგვსაზღვრავს, როგორც ამერიკელებს? ჩემი აზრით, ვიცით. შესაძლებლობა, უსაფრთხოება, თავისუფლება, ღირსება, პატივისცემა, პატიოსნება, და დიახ - სიმართლე.

ბოლო კვირებმა და თვეებმა მტკივნეული გაკვეთილი გვასწავლა. არის სიმართლე და არის ტყუილები. ტყუილები, რომლებსაც ამბობენ სარგებლისა და ძალაუფლების მისაღებად. ყველა ჩვენგანს აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა, როგორც მოქალაქეებს, როგორც ამერიკელებს, განსაკუთრებით როგორც ლიდერებს, რომლებიც დებენ ფიცს, რომ პატივს სცემენ ჩვენს კონსტიტუციას და დაიცავენ ჩვენს ქვეყანას, რომ დაიცვას სიმართლე, დაამარცხოს ტყუილები.

მესმის, რომ ბევრი ჩემი მოძმე ამერიკელი მომავალს შიშით უყურებს. მესმის, რომ ნერვიულობენ სამსახურზე. მესმის, რომ მამაჩემის მსგავსად წვანან საწოლში, უყურებენ ჭერს და ფიქრობენ: შევძლებ, შევინარჩუნო ჯანმრთელობის დაზღვევა, გადავიხადო გირაო, ფიქრობენ ოჯახებზე, იმაზე, თუ რა იქნება შემდეგი.

მერწმუნეთ, მესმის. მაგრამ გამოსავალი არაა საკუთარ თავში ჩაკეტვა, დაპირისპირებულ ჯგუფებში ყოფნა, მათდამი უნდობლობა, ვინც შენ არ გგავს ან შენსავით არ სწამს, იმავე წყაროდან არ იღებს ახალ ამბავს, საიდანაც შენ. ეს არაცივილური ომი უნდა დასრულდეს, რომელიც წითელს ლურჯს უპირისპირებს, ქალაქს - სოფელს, კონსერვატორს - ლიბერალს. ჩვენ ეს შეგვიძლია, თუ ამას გულს გავუხსნით და ტოლერანტულობას გამოვიჩენთ. თუ გამოვიჩენთ სურვილს, საკუთარი თავის სხვა ადამიანის ადგილას წარმოვიდგინოთ.

არის დღეები, როდესაც დახმარება გჭირდება. არის დღეები, როდესაც შენ უნდა დაეხმარო. ეს ასე უნდა იყოს. ეს ერთმანეთისთვის უნდა გავაკეთოთ. და თუ ასე მოვიქცევით, ჩვენი ქვეყანა უფრო ძლიერი, წარმატებული და მომავლისთვის შემზადებული იქნება. კვლავ შეგვიძლია, არ ვთანხმდებოდეთ, მაგრამ იმ საქმეში, რაც წინ გვიდევს, ერთმანეთი დაგვჭირდება. დაგვჭირდება მთელი ჩვენი ძალა, რათა შეუპოვრად ვიდგეთ ამ ბნელ ზამთარს.

ჩვენ ახლა ვართ ვირუსის სავარაუდოდ ყველაზე რთულ, მომაკვდინებელ პერიოდში. გადავდოთ გვერდზე პოლიტიკა და გავუმკლავდეთ ამ პანდემიას როგორც ერთი ერი. და გპირდებით, რომ ამას ერთად დავძლევთ.

ყველა ჩემს კოლეგას, ვისთან ერთადაც ვმსახურობ წარმომადგენელთა პალატასა და სენატში, ესმის, რომ  მსოფლიო გვიყურებს. ესაა ჩემი გზავნილი მათთვის, ვინც ჩვენს საზღვრებს გარეთაა. ამერიკა გამოსცადეს და ამ გამოცდიდან უფრო ძლიერი გამოვიდა. ჩვენ გავამთელებთ ჩვენს ალიანსებს და დავუკავშირდებით მსოფლიოს ხელახლა. არა გუშინდელ გამოწვევებთან გასამკლავებლად, არამედ დღევანდელ და ხვალინდელ გამოწვევებთან.

ჩვენ ვიქნებით ლიდერები არა ძალის დემონსტრირებით, არამედ მაგალითის ჩვენების ძალით. ჩვენ ვიქნებით ძლიერი და სანდო პარტნიორი მშვიდობის, პროგრესისა და უსაფრთხოებისათვის.

ჩვენ ვართ დემოკრატიასა და სიმართლეზე თავდასხმის, მძვინვარე ვირუსის, მზარდი უსამართლობის, სისტემური რასიზმის, კლიმატის კრიზისის წინაშე. მათგან ნებისმიერი საკმარისი გამოწვევა იქნებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ერთდროულად ყველას წინაშე ვართ. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას წარმოადგენს, რაც კი ოდესმე გვქონია. ახლა იქნება ჩვენი გამოცდა და ჩვენ გავუმკლავდებით ამ ყველაფერს. გამბედაობის დროა, რადგან ბევრია გასაკეთებელი. და გპირდებით, რომ ჩვენ, მე და თქვენ, განგვსჯიან იმით, თუ როგორ გადავჭრით ჩვენი ეპოქის ამ კასკადურ კრიზისებს. შევძლებთ თუ არა ამ რთულ დროს, შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა და ჩვენს შვილებს უკეთესი სამყარო დავუტოვოთ. მჯერა, რომ ეს უნდა გავაკეთოთ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც. მჯერა, რომ ამას გავაკეთებთ, და როდესაც ეს ასე მოხდება, დავწერთ მომდევნო დიდებულ თავს აშშ-ს ისტორიაში. ამერიკულ ისტორიაში, რომელიც შეიძლება ჟღერდეს როგორც სიმღერა, რომელიც ბევრს ნიშნავს ჩემთვის. მას "ამერიკის ჰიმნი" ჰქვია. მასში არის ერთი მონაკვეთი, რომელიც ჩემთვის გამორჩეულია: "საუკუნეების ლოცვამ მოგვიყვანა ამ დღემდე. რა იქნება ჩვენი მემკვიდრეობა? რას იტყვიან ჩვენი შვილები? დაე, ვიცოდე გულის სიღრმეში, როდესაც ჩემი დღეები გაილევა, ამერიკა, ამერიკა, შენ მოგეცი საუკეთესო, რაც გამაჩნდა." დაე, დავამატოთ ჩვენი სიტყვები ჩვენი დიდებული ქვეყნის ისტორიას. თუ ამას გავაკეთებთ, როდესაც ჩვენი დღეები გავა, ჩვენი შვილები და შვილიშვილები ჩვენზე იტყვიან, რომ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, ვალი აღვასრულეთ, დაყოფილი ქვეყანა გავაერთიანეთ.

ჩემო თანამოქალაქენო, საუბარს ვასრულებ იმით, რითაც დავიწყე. ფიცით ღმერთისა და თქვენს წინაშე. გპირდებით, ყოველთვის მეყვარება თქვენთან ერთად, ყოველთვის დავიცავ კონსტიტუციას, ჩვენ დემოკრატიას, ამერიკას და ყველას, ყველაფერს გავაკეთებ თქვენს სამსახურში, ვიფიქრებ არა ძალაუფლებაზე, არამედ შესაძლებლობებზე, არა პირად ინტერესზე, არამედ საზოგადო სიკეთეზე და ერთად ჩვენ დავწერთ ამერიკულ ისტორიას - იმედის და არა შიშის, ერთიანობის და არა დაყოფის, სინათლის და არა სიბნელის. პატიოსნების და ღირსების, სიყვარულის და გაჯანსაღების, დიდებულების ისტორიას. დაე, ეს იყოს ისტორია, რომელიც გაგვიძღვება, შთაგვაგონებს და მომავალ საუკუნეებს მოუყვება, რომ ვუპასუხეთ ისტორიის ძახილს, დავხვდით მომენტს, დემოკრატია და იმედი, სიმართლე და სამართალი ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ კი არ მოკვდა, არამედ აყვავდა. ამერიკამ დაიცვა თავისუფლება სახლში და კიდევ ერთხელ იქცა მსოფლიოს შუქურად. ასეთი წინაპრები ვიქნებით მომავალი თაობებისთვის.

ამიტომ, შემართებით შევეჭიდებით ამ საქმეებს, წარგვმართავს რწმენა და თავს მივუძღვნით ერთმანეთს და ქვეყანას, რომელიც გვიყვარს მთელი გულით. ღმერთმა დალოცოს ამერიკა და დაიცვას ჩვენი ჯარისკაცები. გმადლობთ.

 ბაიდენის სიტყვით გამოსვლისას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პანდემიის მსხვერპლთა ხსოვნას.

კომენტარები