ჯო ბაიდენის ინაუგურაცია

ობამამ, ბუშმა და კლინტონმა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის მნიშვნელობაზე ისაუბრეს [Video]

 ჯო ბაიდენის საინაუგურაციო კომიტეტმა გაავრცელა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტების, ბილ კლინტონის, ჯორჯ ბუშისა და ბარაკ ობამას ვიდეო, რომელშიც ისინი ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის მნიშვნელობაზე საუბრობენ. ექსპრეზიდენტებმა ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს წარმატებები უსურვეს.

"რა თქმა უნდა, პირადი ელემენტიცაა სიხარულში, რომ ჩემი ყოფილი ვიცეპრეზიდენტი აშშ-ს 46-ე პრეზიდენტი გახდა, კამალა ჰარისი კი ჩვენი პირველი ქალი ვიცეპრეზიდენტი. მაგრამ, უფრო ფართოდ, ინაუგურაციები არის ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემის ტრადიციის სიმბოლო, რომელიც ორ საუკუნეზე ძველია...

...თქვენ არ უნდა მოუსმინოთ მხოლოდ მათ, ვისაც ეთანხმებით, არამედ მათაც, ვისაც არ ეთანხმებით. ინაუგურაციიდან ჩემი საუკეთესო მოგონებაა ღირსება და სულგრძელობა, რომელიც პრეზიდენტმა ბუშმა, ლორა ბუშმა კი მიშელის მიმართ გამოავლინა. ეს იყო შეხსენება, რომ შეიძლება გვქონდეს მძაფრი უთანხმოება და ამავდროულად ვცნოთ ერთმანეთის საერთო ადამიანობა და ის, რომ როგორც ამერიკელებს უფრო მეტი გვაქვს საერთო, ვიდრე ის, რაც გვაშორებს...

...თუ მოვძებნით იმას, რაც გვაერთიანებს, ამერიკელი ხალხი ძლიერი და მედგარია, მათ შეგვიძლია, დავძლიოთ სირთულეები და არ არსებობს პრობლემა, რომელსაც ვერ გადავჭრით, როდესაც ერთად ვმუშაობთ. ეს იყო ჯოს ინაუგურაციის მიმართვის თემა და ვფიქრობ, ყველამ აღმოვაჩინეთ, რომ საუკეთესო ფორმაში ვართ, როდესაც ყველა ერთი მიმართულებით ვმოძრაობთ...

ჯო, ვამაყობ შენით. შენ და კამალამ უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ, სამივე, გგულშემატკივრობთ, ვლოცულობთ თქვენთვის და მზად ვიქნებით, დაგეხმაროთ ყველაფრით, რაც შეგვიძლია, როგორც მოქალაქეებს, რათა წაიყვანოთ ჩვენი ქვეყანა წინ". – ამბობს ვიდეოში ობამა.

ჯორჯ ბუშმა ჯო ბაიდენს წარმატება უსურვა:

"ფაქტი, რომ ჩვენ სამი აქ ვდგავართ და ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემაზე ვსაუბრობთ, მიუთითებს ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტების მთლიანობაზე...

...ვფიქრობ, ამერიკელებს საკუთარი მეზობელი ისე რომ უყვარდეთ, როგორც სურთ, რომ თავად უყვარდეთ, ჩვენს საზოგადოებაში არსებული ბევრი დაყოფა დასრულდებოდა...

...ამერიკა გულუხვი ქვეყანაა, დიდებული გულებით. ჩვენ, სამივე იღბლიანები ვართ, რომ ამ ქვეყნის პრეზიდენტები ვიყავით. ბატონო პრეზიდენტო, მე გისურვებთ წარმატებას, თქვენი წარმატება ამ ქვეყნის წარმატებაა. ღმერთმა დაგლოცოთ".

ბილ კლინტონმა კი

"ეს უჩვეულო რამაა, ჩვენ ერთდროულად ვცდილობთ, ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, გავუმკლავდეთ სრულიად არაჩვეულებრივ გამოწვევებს და გავაკეთოთ ის, რაც საუკეთესოდ გამოგვდის: ვცადოთ, შევქმნათ უფრო იდეალური ერთობა. ეს ამაღელვებელი დროა...

...ეს ახალი დასაწყისია. ყველამ უნდა შეწყვიტოს ზემოდან ყურება და ხელი გაუწოდოს მეგობრებს და მეზობლებს...

...მიხარია, რომ ამ პოსტზე ხარ [ჯო] და საუკეთესოს გისურვებ. შენ ისაუბრე ჩვენთვის დღეს, ახლა კი წინ წაგვიძღვები. ჩვენ მზად ვართ, გამოგყვეთ. წარმატებები, ღმერთმა დაგლოცოს".

ჯო ბაიდენის მიერ ინაუგურაციაზე წარმოთქმული სიტყვა სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

დონალდ ტრამპი ინაუგურაციას არ დასწრებია. ის ფლორიდაში გაემგზავრა. ღონისძიებას ესწრებოდა ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი. თეთრი სახლის დაკავების შემდეგ ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ტრამპმა მას სულგრძელი წერილი დაუტოვა.

კომენტარები