კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: Pfizer-ის შემოტანის სავარაუდო თარიღად დასახელებულია 2021 წლის პირველი კვარტალი

"Pfizer-ის ვაქცინის შემოტანის სავარაუდო თარიღად დასახელებული არის 2021 წლის პირველი კვარტალი". – ამის შესახებ ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და ასევე აღნიშნა, რომ კოვაქს-პლატფორმიდან სამინისტროს უკვე მიღებული აქვს წერილი, რაზეც საპასუხო წერილი 18 იანვარს უნდა გაიგზავნოს.

"ჩვენ ვართ გაერთიანებული კოვაქს-პლატფორმაში, სადაც ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, პირველი ეტაპისთვის მივიღოთ Pfizer-ის ვაქცინა. კოვაქს-პლატფორმიდან ჩვენ მივიღეთ წერილი და უკვე ორშაბათს, 18 იანვარს უნდა მოხდეს საპასუხო წერილის გაგზავნა სამინისტროს მხრიდან, სადაც ჩვენ დეტალურად უნდა გავცეთ მათ პასუხი იმის შესახებ, თუ რა მზაობა არის ქვეყანაში, იმისთვის, რომ მოხდეს ვაქცინის შემოტანა და სავარაუდო თარიღად დასახელებული არის 2021 წლის პირველი კვარტალი". – ამბობს ტიკარაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორისა და ახალი კორონავირუსის მართვის პროტოკოლის ავტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით კი, საქართველოსთვის ოპტიმალურია ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტის და კომპანია AstraZeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინის შემოტანა, რადგან ის არ საჭიროებს შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის -80⁰ ან -20⁰ რეჟიმს და ინახება ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე.

11 იანვარს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ საქართველო Covid-ვაქცინაციისთვის მხოლოდ იმ ვაქცინების შემოტანას განიხილავს, რომლებსაც მკაცრი მარეგულირებელი ორგანიზაციების ავტორიზაცია ექნება. მან ბრიფინგზე თქვა, რომ ჯერჯერობით ჩინურ ვაქცინებს ავტორიზაცია არ აქვს და საქართველო მოლაპარაკებებს მხოლოდ ფაიზერის, ასტრაზენეკასა და მოდერნას ვაქცინების შემოტანაზე მართავს.

კომენტარები