მე-10 მოწვევის პარლამენტი

სუბარი: ძალიან კარგია, რომ პარტიები ნაცებისა და ევრონაცების ბულინგს დაუძვრნენ

სოზარ სუბარი
ტაბულა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის თქმით, კარგია თუ ოპოზიციური პარტიები ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს "ბულინგს დაუძვრნენ".

ოპოზიციური პარტიებში სოზარ სუბარი, სავარაუდოდ, მოქალაქეებსა და გირჩს გულისხმობს, რომელთა ლიდერები - ალეკო ელისაშვილი და იაგო ხვიჩია გუშინ, 14 იანვარს ერთმანეთს შეხვდნენ და თქვეს, რომ მათი შეთავაზებაა, თუ თვითმართველობის არჩევნებში ოპოზიცია ჯამურად ქართულ ოცნებაზე მეტს აიღებს, მაშინ ამან 2022 წლისთვის რიგგარეშე არჩევნების ავტომატურად დანიშნვა გამოიწვიოს.

"ძალიან კარგია, რომ პარტიები დაუძვრნენ ბულინგს ორი ოპოზიციური პარტიის მხრიდან, "ნაცებს" და "ევრონაცებს" ვგულისხმობ. გასაგებია ისიც, რომ რასაც წარმოადგენენ ნაცები და მათი ნაცისტური პარტიები გარე ურთიერთობებში, იგივე იქნებიან შიგნითაც. ამ ადამიანებთან დიალოგი უბრალოდ შეუძლებელია. მათ უნდათ ან გაიტანონ თავისი, ან ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა მათ შემდეგ, ეგეთია მათი პოლიტიკა.

როგორც ჩანს, ეს დამოკიდებულება აქვთ შიგნითაც და ასეთ დროს თუ ალეკო ელისაშვილი ან რომელიმე სხვა, ვერ ხედავს მათთან მოლაპარაკების ვერც რესურსს და ვერც აზრს, ეს ნიშნავს, რომ მივიდნენ ლოგიკურ დასკვნამდე. ისედაც ცხადი უნდა ყოფილიყო, როცა ელაპარაკები მელიას, ბოკერიას, იქ ლაპარაკს მართლა არ აქვს აზრი". - თქვა სოზარ სუბარმა.

ოპოზიცია ხელისუფლებისგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმას, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს და საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს. ამ დროისათვის 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან საპარლამენტო მანდატებზე უმრავლესობამ უარი თქვა. 

მანდატებზე უარი არ უთქვამს პროპუტინური პატრიოტთა ალიანსის სიის ოთხ წევრს, რომლებიც პარლამენტში ევროპელი სოციალისტების სახელით შევიდნენ. მათგან სამს - ფრიდონ ინჯიას, გოჩა ენუქიძესა და დავით ზილფიმიანს მანდატები პარტიის იმ ლიდერების ნაცვლად ერგოთ, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი თქვეს, ხოლო მეოთხე - ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში პარტიული სიით მოხვდა.

მანდატებზე ასევე უარი არ უთქვამთ გირჩის სამ და მოქალაქეების ორ წევრს. 

კომენტარები