კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: Pfizer-ის ვაქცინის შენახვის შესაძლებლობები გვაქვს გაცილებით მეტი, ვიდრე გვჭირდება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, ფორმულას ეთერში განმარტა, რომ საქართველოს სხვადასხვა ვაქცინის შენახვის რესურსი აქვს. იმნაძემ აღნიშნა, რომ საქართველომ პლატფორმა კოვაქსს გაუგზავნა კიდევ ერთი დადასტურება, რომ Pfizer-ის ვაქცინის და ამ ტიპის ვაქცინის მიღების შესაძლებლობა აქვს.

"კოვაქსის პლატფორმაზე გაგზავნილი გვაქვს კიდევ ერთი დადასტურება, რომ ჩვენ ფაიზერის ვაქცინის მიღების შესაძლებლობა გვაქვს. იმიტომ, რომ კოვაქსის პლატფორმაზე ჯერ კიდევ ზაფხულში, როცა პირველი განაცხადები წარადგინეს, ბევრმა ქვეყანამ უბრალოდ თქვა, რომ ისინი ვერ მიიღებდნენ ამ ვაქცინას. ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ ვაქცინის მიღება. მოგეხსენებათ, ამას სპეციალური ლოჯისტიკური ჯაჭვი სჭირდება, ცივი ჯაჭვი რასაც ჰქვია, ძალიან სპეციფიკური... ჩვენ კიდევ ერთხელ გავგზავნეთ სპეციალური კითხვარი, რომ ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ კოვაქსიდან ფაიზერის ტიპის ვაქცინა." - თქვა პაატა იმნაძემ.

​დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს Pfizer-ის ვაქცინის შენახვის შესაძლებლობა "იმაზე გაცილებით მეტი გვაქვს, ვიდრე გვჭირდება".

"ჩვენ ვაქცინის შენახვა შეგვიძლია ძალიან ბევრის, გააჩნია, რომელ რეჟიმზე. შეგვიძლია შევინახოთ ძალიან ბევრი, საქართველოს კი არა, ძალიან დიდ ქვეყანასაც ეყოფა იმდენი ჩვეულებრივი ვაქცინა. შეგვიძლია შევინახოთ ვაქცინა, რომელიც არის -20°-იანი აბსოლუტურად ყოველგვარი პრობლემის გარეშე. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ, რაც არის ლაპარაკი Pfizer-ის ვაქცინაზე, იმის შენახვის შესაძლებლობები გვაქვს გაცილებით მეტი, ვიდრე გვჭირდება." - თქვა პაატა იმნაძემ ფორმულას ეთერში.

Pfizer-ის ვაქცინის შენახვისა და ტრანსპორტირებისთვის აუცილებლია -80° ტემპერატურის უზრუნველყოფა. რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ პირველი ვაქცინა, რომელსაც საქართველო მიიღებს, შესაძლოა, გახდეს Pfizer-ის ვაქცინა.

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორისა და ახალი კორონავირუსის მართვის პროტოკოლის ავტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით კი, საქართველოსთვის ოპტიმალურია ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტის და კომპანია AstraZeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინის შემოტანა, რადგან ის არ საჭიროებს შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის -80⁰ ან -20⁰ რეჟიმს და ინახება ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე.

11 იანვარს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ საქართველო Covid-ვაქცინაციისთვის მხოლოდ იმ ვაქცინების შემოტანას განიხილავს, რომლებსაც მკაცრი მარეგულირებელი ორგანიზაციების ავტორიზაცია ექნება. მან ბრიფინგზე თქვა, რომ ჯერჯერობით ჩინურ ვაქცინებს ავტორიზაცია არ აქვს და საქართველო მოლაპარაკებებს მხოლოდ ფაიზერის, ასტრაზენეკასა და მოდერნას ვაქცინების შემოტანაზე მართავს.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანა ვაქცინის "გარკვეულ მოცულობას" თებერვლის თვეში ელოდება.

კომენტარები