მე-10 მოწვევის პარლამენტი

ალეკო ელისაშვილი იაგო ხვიჩიას გირჩთან კონსულტაციებს მართავს

ორად ორი ოპოზიციური პარტია, რომელსაც ამ დრომდე არ უთქვამს საპარლამენტო მანდატებზე უარი, ერთმანეთს ხვდება. დღეს, 14 იანვარს მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი იაგო ხვიჩიას გირჩის წევრებს შეხვდება. 

საერთო პლატფორმის მიღმა დამოუკიდებელი კონსულტაციების დაწყების შესახებ ალეკო ელისაშვილმა 12 იანვარს ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიზანი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მე-5 რაუნდის გადარჩენაა და ამ პროცესში "ბოკერიას პარტიასთან საუბარს აზრი არ აქვს", ისევე, როგორც იმ პარტიებთან, რომლებმაც ზღვარი ვერ გადალახეს. 

იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ის ყველას ელაპარაკება და "ყველაში ხედავს რესურსს". გირჩის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებაა, ვინაიდან პარლამენტში მათი შესვლის გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შეუძლებელი იქნება. 

"განსაკუთრებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა ჩემთვის მნიშვნელოვანი, მოგეხსენებათ, იმიტომ, რომ ის არის მთავარი ოპოზიციური პარტია, გამარჯვებული ოპოზიციური პარტია 27%-ით". – ამბობს იაგო ხვიჩა. 

თუმცა, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე მიიღო გადაწვეტილება – ენმ-მ პარტიული სიაც გააუქმა და მანდატებზეც თქვა უარი. იქამდე იაგო ხვიჩია ამბობდა, რომ თუკი იმდენი ოპოზიციური დეპუტატი იტყოდა მანდატზე უარს, რომ შეუძლებელი გახდებოდა პარლამენტში 113 დეპუტატის შეგროვება, მაშინ მისი პარტიაც ასე მოიქცეოდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც 60 ოპოზიციური დეპუტატიდან 54-მა დეპუტატმა უკვე ოფიციალურად თქვა საპარლამენტო მანდატზე უარი, იაგო ხვიჩია, ელოდება, როდის შეცვლიან ეს პარტიები გადაწყვეტილებას. 

გირჩისა და მოქალაქეების შეხვედრას სხვა ოპოზიციური პარტიები ეხმაურებიან. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილის პოზიცია არათანმიმდევრულია. 

"ოფიციალური შეთავაზება რაღაც კონსულტაციებში მონაწილეობისა, რა თქმა უნდა, არ ყოფილა. ჩვენ გვაქვს საერთო ფორმატი, რომელიც არის ოპოზიციური პლატფორმა და ჩვენი დამოკიდებულება არ იცვლება". – თქვა ხატია დეკანოიძემ. 

ფაქტს ევროპული საქართველოც გამოეხმაურა. გიგი წერეთელი ამბობს, რომ ოპოზიციურ ერთობას უკვე გაცხადებული აქვს თავისი პირობები, რომლებიც არ შეცვლილა და ალეკო ელისაშვილი ამ ერთობის წევრად არ განიხილება. 

"შესაბამისად, ის გადადგამს იმ ნაბიჯებს, რაც მას მიაჩნია სწორად, თუმცა, რამდენად სწორია ეს საერთო პროცესისთვის და იმისთვის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს მანიპულირებადი არჩევნები, ეს მეორე საკითხია და ამას დრო გვანახებს". – ამბობს გიგი წერეთელი. 

ოპოზიცია ხელისუფლებისგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმას, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს და საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს. ამ დროისთვის 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან საპარლამენტო მანდატებზე უმრავლესობამ უარი თქვა. 

მანდატებზე უარი არ უთქვამს პროპუტინური პატრიოტთა ალიანსის სიის სამ წევრს, რომელთაც მანდატები იმის გამო ერთგოთ, რომ პარტიის ლიდერებმა პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს – მათ ევროპელი სოციალისტები დაირქვეს. მანდატებზე უარი არ უთქვამთ გირჩის სამ და მოქალაქეების ორ წევრს. 

კომენტარები