ისლამოფობია

სოლიდარობა ქართველ მუსლიმებს, ძირს ისლამოფობია

ისლამოფობია

სოლიდარობა ქართველ მუსლიმებს, ძირს ისლამოფობია

"ცოტა ხანში გადმომირეკე, ლევან, რუჩნოიზე მაქვს მშვიდობა გადაყვანილი" - ასე მიპასუხა მუსლიმმა სასულიერო პირმა წლების წინ, როცა ახალი ხელისუფლების მოსვლიდან რამდენიმე კვირაში, ისლამოფობიის ტალღა საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოედო, გაჩნდა ძალადობის არაერთი კერა, მედრესეს ღორის თავი მიაჭედეს, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში კი პოლიცია ორი ვერტმფრენითა და ორმოცდაათი მანქანით გამოჩნდა, რკინის მინარეთი მოხერხა და კონსტრუქცია ვერტმფრენით წაიღო – უნდა ავწონოთ, საბაჟოზე არასწორად გამოიარაო.

სხვაც ბევრი იყო, მაგრამ მკაფიოს ვყვები.

ჭელაში რომ ჩავედი, შევამჩნიე, რამდენიმე მუსლიმს ეცინებოდა - არ გაბრაზდით-მეთქი?! - ერთ სასიამოვნო მოხუცს ვკითხე და მიპასუხა: მეჩეთს მინარეთს რომ ახერხავენ, კი ბრაზდები, ბაბუ, როგორ არ ბრაზდები, მაგრამ მერე მაგრად გეცინებაო.

დასჯაც კი არავისი უცდიათ, დაშინებით კი, კვლავ მუსლიმების დაშინება სცადეს. ამ სოფლებში მშვიდობა მხოლოდ მუსლიმმა სასულიერო პირებმა შეინარჩუნეს – ხელით გააკავეს ახალგაზრდები, "რუჩნოიზე" გადაიყვანეს მშვიდობა, ქადაგებდნენ და ქადაგებდნენ ძმობასა და სიყვარულზე - მერე რა, რომ ლოცვას გვიშლიან, ჩვენი ძმები არიან და დამშვიდდებიანო.

ყოველი ახალი ძალადობის შემდეგ, რომელიც გეოგრაფიულად ერთმანეთისგან დაშორებულ რეგიონში ჩნდებოდა, ხელისუფლება აცხადებდა - "შევრიგდითო" და ყოველ ჯერზე ახალი, ცხელი კერა ჩნდებოდა.

ასე ხდება, როცა თივის ზვინში ნაკვერჩხლის დამალვას ცდილობ. ასე ხდება, როცა სახელმწიფო მოქალაქეებს ერთმანეთისგან არჩევს. ასე ხდება, როცა მუსლიმების თავისუფლებას კი არ დარაჯობ, რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს ქმნი, მათ ავტონომიაში იჭრები და მათ ლიდერებს ნიშნავ და ათავისუფლებ, იმისთვის, რომ უმცირესობებმა თავად თქვან უარი საკუთარი უფლებების განხორციელებაზე.

2012 წელსაც ასე დაიწყო, როგორც წელს, ბუკნარში. 26 ოქტომბერს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში მუსლიმებმა პარასკევის ლოცვა დაასრულეს და დაშლა დაიწყეს, როცა მათ გზა 150-მდე თანასოფლელმა გადაუღობა და სამლოცველოს გაუქმება მოსთხოვა. ქრისტიანები სოფლის რელიგიური უმცირესობისგან ლოცვის შეწყვეტას მოითხოვდნენ, რასაც თან ახლდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მაშინაც იგივე ისმოდა, მაშინაც ასე ამოინთხეოდა დიდი ხნის წინ ჩათესილი ღვარძლი - "თათრები გურიაში ვერ ილოცებენ!", "ქრისტიანულ ქვეყანაში მოთრეული რელიგიის წარმომადგენელი რატომ უნდა ლოცულობდეს!", "გურიაში მეჩეთს ვერ ააშენებთ!" – უყვიროდნენ თანასოფლელებს ქრისტიანები. იმავეს ვისმენთ ახლა.

გამოიღო პრობლემის მიჩქმალვამ შედეგი? გაამართლა რელიგიის სააგენტოს შექმნის თუნდაც იმ მახინჯმა მიზანმა? არა, კვლავ იგივე მივიღეთ, თუ უარესი არა.

ნიგვზიანიდან ამოზრდილი სიძულვილი მაშინ გეოგრაფიულად ერთმანეთისგან დაშორებულ რეგიონებს გადაედო, ახლა კი წლებსაც გადმოსწვდა და არავინ იცის საით გადაუხვევს და ვის კართან დაიჩოქებს.

მუსლიმებს კვლავ სალოცავი სივრცე სჭირდებათ და სოფლებში კვლავ სამლოცველოებს აწყობენ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეთნო-ნაციონალიზმითა და შეუწყნარებლობით ამბიონიდან მოწამლული სამწყსოს ნაწილს კი, ეს კვლავ არ მოსწონს. კვლავ იწყება კონფლიქტი, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საკმარისად არასდროს გმობს ძალადობას, არასდროს აკეთებს საკმარისს გრძელვადიანი მშვიდობისთვის, ზოგჯერ კი, უშუალოდ ახალისებს მას.

პარალელურად, სახელმწიფო კანონს არ იცავს, რელიგიის თავისუფლებას არ უზრუნველყოფს და პრობლემის გადაჭრის არანაირი გეგმა არ გვთავაზობს - მას მხოლოდ იერარქებთან დაჩოქვა გამოსდის საუკეთესოდ. ღრმადგამჯდარ სიძულვილსა და სამარცხვინო შეუწყნარებლობას კი, კათოლიკოს-პატრიარქის ძმობაზე წარმოთქმული სადღეგრძელოები ვერ შველის.

ვერ შველის იმიტომ, რომ დანაშაულს სჭირდება სასჯელი, მშვიდობას კი - შენება.

მშვიდობის მშენებლობაში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა და რადგან ვერც ერთი მშვიდობა გაძლებს თავხედური უთანასწორობის პირობებში, ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ თანასწორობას.

სხვანაირად, ის კვლავ "რუჩნოიზე" იქნება გადასაყვანი. მხარდაჭერა მუსლიმ დებსა და ძმებს, ქალებსა და კაცებს, რომლებიც მშვიდობას აშენებენ.

კომენტარები