კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: იყო შეფერხებები, მაგრამ მომსახურების უქონლობის გამო არავინ გარდაცვლილა

"იყო შეფერხებები, იყო სიძნელეები და მოსახლეობის უკმაყოფილება, მაგრამ საბოლოოდ [სამედიცინო] მომსახურების უქონლობის გამო არავინ გარდაცვლილა". – ინტერპრესნიუსის ცნობით, ამის შესახებ კორონავირუსის მართვის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

"როცა მსოფლიოში პირველ ადგილზე ვიყავით მილიონ მოსახლეზე შემთხვევათა რაოდენობით, ჩვენმა კლინიკურმა სექტორმა მაშინ გაუძლო და არ ჩამოშლილა, ლონდონისა და ლოს-ანჯელესისგან განსხვავებით. ჰოსპიტლებში თითქოს ადგილი არ იყო, მაგრამ მაინც ყველა თავსდებოდა. ინგლისში ბინაზე 7 ათასი კაცი გარდაიცვალა. არ მგონია, ჩვენთან ამაზე უარესი იყოს“. – ამბობს ცერცვაძე და აღნიშნავს, რომ საქართველოში, ბინაზე სულ 33 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, “რაც არის კარგი კრიტერიუმი და იმას ნიშნავს, რომ ჰოსპიტალში მაინც ყველა თავსდებოდა".

ნოემბერში, ახალციხეში, სოფელ წყალთბილაში კოვიდინფიცირებული მამა-შვილი გარდაიცვალა. ოჯახის წევრებისა და ექიმის თქმით, კლინიკაში მისულ კაცს მიღებაზე უარი უთხრეს.

ასევე, კორონავირუსით გარდაიცვალა 19 წლის გოგო, რომლის დედის თქმითაც, პაციენტი ჰოსპიტალში 6 დღის განმავლობაში არ გადაჰყავდათ, რის შემდეგაც, 1 ადგილი "ნაცნობობით" იპოვეს.

იქამდე, ნოემბრის დასაწყისში, მოქალაქე მარი კაკაურიძე მშობლებისთვის რეანიმაციულ განყოფილებას ეძებდა და დახმარებას ითხოვდა.

 "ერთი მშობელი მაინც გადამირჩინეთ. თქვენი ჯანდაცვის სისტემის კოლაფსის და არასწორი ტესტის პასუხის გამო ვართ ასეთ დღეში". – წერდა კაკაურიძე, ცოტა ხანში კი მას დედ-მამა გარდაეცვალა.

კომენტარები