კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსით 19 წლის გოგო გარდაიცვალა, დედის თქმით, პაციენტი ჰოსპიტალში არ გადაჰყავდათ

AFP - Getty Images

საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგო გარდაიცვალა. მას Covid 19 ერთი კვირის წინ დაუდასტურდა. გარდაცვლილის დედის თქმით, პაციენტი ჰოსპიტალში 6 დღის განმავლობაში არ გადაჰყავდათ, რის შემდეგაც, 1 ადგილი "ნაცნობობით" იპოვეს.

გერმანული ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, ეკატერინე ლორიას თქმით, 19 წლის გოგო კრიტიკულ მდგომარეობაში იყო და მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს. ის ამბობს, რომ პაციენტის თანხმლები დაავადება "რაღაც პერიოდში არ იქნა გონივრულად ნამართი, თვითონ პაციენტის მიერ თუ მკურნალი ექიმის მიერ, ამას ვერ გიდასტურებთ".

გარდაცვლილის დედის, ირმა ხელაშვილის თქმით, გოგონას დიაბეტი ჰქონდა და თხოვნის მიუხედავად, ის კლინიკის ნაცვლად, Covid სასტუმროში გადაიყვანეს.

"დავრეკე სასწრაფოში, დიაბეტიანი ბავშვი მყავს და რისკის ჯგუფია, გეხვეწებით, ჰოსპიტალიზაცია მოახდინეთ მეთქი. მოვიდა სასწრაფო, ტესტირებაზე წაგვიყვანეს და დადებითი რომ აჩვენა, ისევ უკან წამოგვიყვანეს. ვრეკავდი, ვემუდარებოდი, ჰოსპიტალიზაცია მოახდინეთ მეთქი.

წაგვიყვანეს Covid-სასტუმროში, ვეუბნებოდი, სასტუმრო რათ მინდა, ჰოსპიტალი მჭირდებოდა. დამძიმდა, შაქარი უკვე ზემოთ ჰქონდა, იქ წყლის მიმწოდებელი არ ჰყავდა, ექიმი ტელეფონით ეკონტაქტებოდა, არც შეუხედავს. სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა ბავშვს, ვრეკავდი სასწრაფოში, სასწრაფო ჯანდაცვაში მამისამართებდა, ჯანდაცვამ - ჩვენ ვერაფერს გეტყვით, სასწრაფოს მიმართეთო. 

სასტუმროში გერმანული ჰოსპიტლის თანამშრომელიც მკურნალობდა და იმან დარეკა ბოლოს ჰოსპიტალში და ამის შემდეგ მოახდინეს ჰოსპიტალიზაცია, უკვე დაგვიანებული იყო". - ამბობს ხელაშვილი მთავარ არხთან სატელეფონო საუბარში.

1-ლი დეკემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 139 343 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 117 560 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 303 პაციენტი კი გარდაიცვალა.

სამი თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ იმუშავებს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები.

დამატებით რა შეზღუდვები დაწესდა ქვეყნის მასშტაბით – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები