რელიგიის თავისუფლება

მინდიაშვილი: ხელისუფლების სახიფათო გზავნილების პირდაპირი ასახვაა ის, რაც ბუკნარში ხდება

ის, რაც პოლიტიკურ სივრცეში ხდება, უმძიმესად აისახება უშუალოდ რელიგიურ უმცირესობებზე, რელიგიის თავისუფლების მდგომარეობაზე.

ეს არის შედეგი იმ მიზანმიმართული და გააზრებულად დისკრიმინაციული დამოკიდებულებისა, რაც მთელი გასული წლის განმავლობაში არაერთხელ გამოავლინა ხელისუფლებამ - დაწყებული პრემიერის ანტიკონსტიტუციური განცხადებით, რომ საქართველო "მართლმადიდებლური სახელმწიფოა", დამთავრებული ვიცეპრემიერის პოზიციით, რომ მხოლოდ მართლმადიდებლებს ეკუთვნით ხელისუფლების საგანგებო ყურადღება და პირობები.

ამ სახიფათო გზავნილების პირდაპირი ასახვა იყო მთელი წყება დისკრიმინაციული აქტებისა და მოვლენებისა და ის, რაც ახლა ბუკნარში ხდება. ეს დროზე უნდა შეჩერდეს.

ამისთვის აუცილებელია, რომ თავად რელიგიურმა გაერთიანებებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ და საერთაშორისო აქტორებმა დროულად გამოხატონ თავიანთი მკაფიო პოზიცია. თუ ხელისუფლებისგან ვერ მივაღწევთ პრობლემის თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებულ გადაწყვეტას, დისკრიმინაცია და რელიგიის თავისუფლების შელახვის ფაქტები ისევე გადამდები აღმოჩნდება, როგორც ეს 2012 წელს, ნიგვზიანში მუსლიმ თემზე თავდასხმის შემდეგ მოხდა...

ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი ჩოხატაურში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.  სოფელ ბუკნარში ორ მუსლიმ ახალგაზრდას თავს დაესხნენ, რათა ისინი მეჩეთში არ წასულიყვნენ. შსს დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა წერს, რომ ძალადობის გამო 1 ადამიანი დააკავეს. მან თანასოფლელებს თავი ქვით დაუზიანა. 

კომენტარები