დავითგარეჯის საქმე

დეკანოიძე: მელაშვილი-ილიჩოვა ივანიშვილის დავალებით გაასამართლეს, ხიდაშელი მტერს ემსახურება

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება დავით ხიდაშელთან დაკავშირებით იმის დასტურია, რომ საქართველო აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის უფროსის, ივერი მელაშვილისა და წევრის, ნატალია ილიჩოვას დაკავება მისი უშუალო დავალება იყო. 

"პირველი, ბიძინა ივანიშვილის უშუალო დავალება იყო ამ ადამიანების გასამართლება და მთელი ეს ამაზრზენი პროპაგანდა, რომელიც მიჰყავდა სამთავრობო არხებს. მეორე, რუსეთის ინტერესებში იყო და ბატონი ხიდაშელი, გასაგებია რომ არავითარ შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ინტერესებს არ ემსახურება და ის ჩვენი მტრის ინტერესების მსახურებაშია და მესამე, მთელი მართლმსაჯულების სისტემა, ყველა, სასამართლო, პროკურატურა და ყველა საგამოძიებო ორგანო, უბრალოდ, მუშაობდა და დღემდე მუშაობს ივანიშვილზე, ასრულებს მის პოლიტიკურ დავალებას". – ამბობს დეკანოიძე. 

გუშინ, 12 იანვარს, ბიძინა ივანიშვილმა ქველმოქმედი, გმირი და პატრიოტი უწოდა დავით ხიდაშელს, ბიზნესმენს, რომელმაც პროკურატურას გადასცა რუკები, რომლებიც საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსის, ივერი მელაშვილის და წევრის, ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ აღძრულ საქმეში ფიგურირებს. 

"არანაკლები ქველმოქმედია ჩემზე და არანაკლები პატრიოტი და არანაკლები დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე. მის ყველა ქმედებას მე გმირობად ვთვლი. ნიუანსებს, თუ მოუნდება თვითონ იტყვის, მაგრამ რაც მან გაუკეთა ქვეყანას, ვთვლი რომ ჭეშმარიტი გმირობაა". – თქვა ივანიშვილმა.  

ხიდაშელი წლების განმავლობაში მუშაობდა მსხვილ რუსულ საინვესტიციო კორპორაცია Sistema JSFC-ში, სადაც რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან დაკავშირებული არაერთი პირი იკავებს წამყვან თანამდებობებს.

პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი და სპეციალურ სამთავრობო კომისიაში ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი - ივერი მელაშვილი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა, 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. პროკურატურა მელაშვილის და ილიჩოვასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

კომენტარები