აშშ-ტაივანი

ნიდერლანდებში აშშ-ს ელჩმა ტაივანის წარმომადგენელს უმასპინძლა

facebook.com/Taiwan.in.the.Netherlands

აშშ-ს ელჩმა ნიდერლანდებში, პიტ ჰოეკსტრამ, ნიდერლანდებში ტაივანის წარმომადგენელს, ჩენ სინგ-სინგს აშშ-ს საელჩოში უმასპინძლა. ეს აშშ-ს სამთავრობო შენობაში პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც აშშ-მ ტაივანზე, დიპლომატების ურთიერთობებზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნა.

"დღეს ისტორია დავწერეთ: ვუმასპინძლეთ ტაივანის წარმომადგენელს, ჩენს, ჩვენს საელჩოში". – წერს აშშ-ს ელჩი ნიდერლანდებში - "მოხარულები ვართ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტიდან ჩვენს კოლეგებს მთელ მსოფლიოში ამიერიდან შეეძლებათ, ჩვენი საელჩოს შენობებში უმასპინძლონ ჩვენს მეგობრებს ამ ძლიერი დემოკრატიიდან".

ჩენის თქმით, ის მოხარულია და მისთვის დიდი პატივია საელჩოში სტუმრობა.

აშშ-ს მრავალი ქვეყნის მსგავსად ტაივანთან ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები დამყარებული არ აქვს. ამ დრომდე ოფიციალური პირები ერთმანეთს არაოფიციალურ ადგილებში ხვდებოდნენ, მაგალითად, სასტუმროებში. 

ჩინეთში ამ ნაბიჯს გმობენ და განაცხადეს, რომ არავის შეუძლია ჩინეთის "გაერთიანებას" ხელი შეუშალოს. 

13 იანვარს გაეროში აშშ-ს ელჩი, კელი კრაფტი, სამი დღით ტაივანს ეწვევა. ამ ნაბიჯმა პეკინის აღშფოთება გამოიწვია.

9 იანვარს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს გადაწყვეტილებით მოიხსნა შეზღუდვები, რომლებიც აშშ-სა და ტაივანის დიპლომატების ურთიერთობებზე იყო დაწესებული.

თავის განცხადებაში პომპეომ აღნიშნა, რომ ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფო დეპარტამენტს მკაცრი შინაგანი შეზღუდვები ჰქონდა ამერიკელი დიპლომატებისა და სხვა საჯარო მოხელეების ურთიერთობებზე ტაივანელ კოლეგებთან.

"ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ეს ზომები ცალმხრივად, პეკინის კომუნისტური რეჟიმის დასაკმაყოფილებლად შემოიღო.. დღეს ვაცხადებ, რომ იხსნება ეს თვითდაკისრებული შეზღუდვები". – თქვა მაიკ პომპეომ შაბათს, 9 იანვარს.

ტაივანის ერთერთმა ოფიციალურმა პირმა Reuter-სთან საუბარში აღნიშნა, რომ პომპეოს მიერ ამ შეზღუდვების მოხსნა ბოლო წლებში ტაივანის მიმართ აშშ-ს პოლიტიკის ყველაზე დიდი ცვლილებაა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში გაიზარდა აშშ-ს მხრიდან ტაივანის მხარდაჭერა. ჩინეთის მხრიდან ზეწოლასთან გამკლავების მიზნით, აშშ-სა და ტაივანს შორის გააქტიურდა იარაღით ვაჭრობა.

შეგახსენებთ, რომ კომუნისტური ჩინეთი დემოკრატიულ ტაივანს თავის ნაწილად მიიჩნევს და თვლის, რომ ერთდღეს კუნძულს ნებით ან ძალით შეიერთებს. ჩინეთმა ბოლო პერიოდში ტაივანზე გაზარდა წნეხი. ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ტაბულას სტატიაში - "ტაივანი - ჩინეთის შემდეგი სამიზნე?"

კომენტარები