სომხეთის პრემიერმინისტრმა და პარტია სამოქალაქო კონტრაქტის ლიდერმა, ნიკოლ ფაშინიანმა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა და თქვა, რომ მისი პარტია მთავრობას სხვა პარტიების ჩართულობის გარეშე ჩამოაყალიბებს. მისივე თქმით, მმართველმა პარტიამ 2021 წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით უფრო მეტი ხმა მოიპოვა.
"2026 წლის 7 ივნისს ეროვნულ კრებაში მორიგი არჩევნები შედგა და არჩევნების შედეგებით, გაიმარჯვა პარტიამ, სამოქალაქო კონტრაქტი და სამოქალაქო კონტრაქტი მთავრობას მარტო ჩამოაყალიბებს". - თქვა ფაშინიანმა.
ფაშინიანის თქმით, მისი პარტიის გამარჯვება ნიშნავს, რომ სომხეთის მოქალაქეები ახლა საკუთარ სახელმწიფოს, საკუთარ მომავალსა და საკუთარ დამოუკიდებლობას ფლობენ.
"ეს ნიშნავს, რომ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე საკუთარი სახელმწიფოს პატრონი, საკუთარი დამოუკიდებლობის პატრონი, საკუთარი მომავლის პატრონი, მშვიდობის პატრონი გახდა. სომხეთის რესპუბლიკის ძვირფასო მოქალაქეებო, ყველანი მიყვარხართ, ვამაყობ ყველა თქვენგანით და ყველა თქვენგანის წინაშე ქედს ვიხრი. დიდება დაცემულ გმირებს და გაუმარჯოს სომხეთის რესპუბლიკას!". - თქვა ფაშინიანმა.
ცნობისთვის, ამჟამად ბიულეტენების 16.05% არის დათვლილი. ფაშინიანის პარტია, სამოქალაქო კონტრაქტი ხმების 51.16%-ით ლიდერობს, ხოლო ოპოზიციონერი ბიზნესმენის პრორუსულ ალიანსს ძლიერ სომხეთს ხმების 23.27% აქვს.
მესამე ადგილს 9.86%-ით საარჩევნო ბლოკი სომხეთი იკავებს, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი უდგას სათავეში, ხოლო პარტიას, აყვავებულ სომხეთს ხმების 4.13% აქვს.
მეხუთეადგილოსან პარტიას, ერთობის ფრთებს ხმების 2.29% აქვს.
ცნობისთვის, სომხეთის მმართველი პარტიის, "სამოქალაქო კონტრაქტის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს, ხოლო ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის პრორუსულ ოპოზიციურ პარტიას, "ძლიერ სომხეთს" ხმების 17.5% აქვს.
შეგახსენებთ, რომ 20:00 საათზე სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა და ხმების დათვლა დაიწყო.
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 58.9% შეადგინა, კერძოდ, არჩევნებში მონაწილეობა 1 476 597-მა ამომრჩეველმა მიიღო.
სომხეთის წინა საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 2021 წელს ჩატარდა, მონაწილეობა მოსახლეობის 49.4%-მა მიიღო.




