ანტისემიტიზმი

ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი: ნუ აყვებით ერთი და იმავე სცენარით დაწერილ პროვოკაციებს

მშვიდობა თქვენდა, ქართველებო და ებრაელებო, შალომი იყო, არის და იქნება ჩვენ შორის უკუნისამდე!

მავანთა ძალისხმევით, ამ დღეებში კვლავ „აქტუალური“ გახდა ისრაელიანთა სიძულვილის თემა საქართველოში. დიდ განსაცდელად მოგვევლინა ანტისემიტიზმის ტალღა ებრაელებს, დიდხანს იხეტიალა მთელ მსოფლიოში და ბევრი ცრემლი დაგვადინა. ახლაც შეგვახსენებს ხოლმე თავს სულისმღაფავი მხეცივით და ისევ სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს. ისტორია კი იწერს ყველაფერს, იწერს და კვლავ გვამეორებინებს წარსულს.

და რა იყო ჩვენი წარსული საქართველოში?

სულ მცირე, 26 საუკუნის ხანდაზმულობის ერთმანეთის პატივისცემა და მეგობრობა. შორეული წარსულიდან ამოსული ურთიერთობები ბერმუხასავითაა დაფესვიანებული ისტორიაში და ახალ არაწმინდა შენაკადებს ნაკლებად იკარებს. ამიტომაც, საბჭოთა საქართველოში თავსმოხვეული ანტისემიტიზმის იშვიათი ეპიზოდები არ იყო ქართული, არამედ იყო საბჭოთა და ისიც საკითხავია, ვის მიერ იყო ინსპირირებული. ამაზე მეტყველებს უამრავი პარალელი და კვეთა ორივე ერის კულტურაში, ენაში, ტრადიციებში. ორი კულტურა ისტორიულად ერთმანეთს კი არ ავიწროვებდა, არამედ ამდიდრებდა და ამრავალფეროვნებდა, ასე კი მტრები კი არა, მოყვრები იქცევიან.

რამდენჯერმე მქონდა შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან და მასთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს. უკანასკნელად კი შარშან შევხვდი და გამიჭირდება სიტყვით გადმოგცეთ ის სიყვარული და ურთიერთპატივისცემა, რომელიც გარშემო სუფევდა. ვისაუბრეთ წარსულსა და მომავალზე, შევთანხმდით, რომ შეიქმნება წარმომადგენლობითი ერთობლივი „მრგვალი მაგიდა“, რომელიც ბევრ საჭირბოროტო საკითხს გაერთიანებული ძალებით გადაწყვეტს.

მე სრულიად თამამად ვაცხადებ, რომ წარმოუდგენელია იმ დიდ ოჯახში, რომლის მამამთავარიც პატივცემული საქართველოს პატრიარქი გახლავთ - ანტისემიტიზმი სუნთქავდეს, ამიტომ ყოველთვის დარწმუნებული ვიქნები, რომ საქართველოს საპატრიარქო არ არის ებრაელთა თემის მოძულე და ვერავის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ცალკეული ფრაზები და კათხაში ატეხილი ქარიშხალი ვერ შექმნის ამ ილუზიას, ამიტომ იყუჩე მტერო! არც ამ თემის საზოგადოებაში ტირაჟირებაა გონივრული, რადგან პირველ ყოვლისა, პროვოკაციების სამიზნედ ვხდით და ამავდროულად, ბევრ ლაპარაკში შეცდომასაც ბევრს ვუშვებთ და უნებურად შეიძლება უკვე შეხორცებულ ჭრილობას შევეხოთ და განა ტკივილი გვაკლია ჩვენ?

ეს ორივე ერისა და რელიგიის ღირსების საკითხია, ჩვენ ერთად უნდა განვაცხადოთ, რომ არაა დრო და მიზეზი ურთიერთმტრობის.

და თუ ცალკეული ეპიზოდების გახსენება გნებავთ, ჩვენს უმდიდრეს ისტორიას გადაავლეთ თვალი, ყველა კითხვაზე პასუხს იქ იხილავთ, საუკუნეებს მიღმა. განა ცოტა გვაქვს საამაყო უპრეცედენტო მეგობრობის მოსაგონარი, განა ცოტაჯერ გადაგვირჩენია ერთმანეთის სულიერი და ხორციელი არსებობა? - ეს გაიხსენეთ.

ჩვენ ორი უძველესი, ბრძენი ერი ვართ და ღვთის განგებულებით დამკვიდრებულნი გახლავართ უმნიშვნელოვანესი გეოსტრატეგიის მქონე ქვეყნებში, ამიტომაც ჰყავს ჩვენს კავშირს ბევრი არაკეთილმოსურნე და ეს არცერთმა არ უნდა დავივიწყოთ!

უმდიდრეს ისტორიაში გამობრძმედილმა ჩვენმა ტოლერანტობამ და რელიგიურმა შემწყნარებლობამ სახელმწიფოებრივი ურთიერთობების სრულიად ახალ განზომილებაში გადაინაცვლა. საქართველოში ჩემი ვიზიტები ყოველთვის დატვირთული იყო ოფიციალური შეხვედრებით სამთავრობო წრეებში, რომლის დროსაც განვიხილავდით არაერთ აქტუალურ საკითხს, მათ შორის, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის ფორმაში. შევხვდი არა მხოლოდ პატრიარქს, არამედ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ მინისტრს - ბატონ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარეს - ბატონ არჩილ თალაკვაძეს, მინისტრებს, თბილისისა და სხვა ქალაქების ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებს, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. ყველა შეხვედრის შესავალი და ლაიტმოტივი გახლდათ, რომ ჩვენი ერთობა უნიკალურია და ვერანაირი ძალა ვერ შეარყევს მას, არამედ იქნება ურყევი უკუნისამდე. და ახლაც ვამბობ - ჩვენი სიყვარულის მდინარე იმდენად ძლიერი, ჭეშმარიტი და ზეაღმატებულია, რომ მის ნაპირებზე ყველა ხინჯი და ტალახი წარიხოცება.

დიახ, სხვადასხვა რელიგია გვაქვს ისრაელიანებსა და ქრისტიანებს და რაი მერე?

 არსებობს განსხვავებული რელიგიები, სხვადასხვა იდეოლოგიური კონცეპტითა და მსოფლმხედველობით, ყველას თავისი შეხედულება აქვს რიგ საკითხებზე, მაგრამ ჩვენი კულტურაც ეს გახლავთ, რომ მაინც ვახერხებდით მეგობრობას წარსულში და კვლავაც უნდა მოვახერხოთ, თუკი პრეტენზია გვაქვს თანამედროვე მსოფლიოს ჰუმანისტური საზოგადოების წევრობაზე.

დიპლომატიის დაუწერელი კანონი გახლავთ, მოლაპარაკების მაგიდასთან განსხვავებებზე აპელირებით მშვიდობას ვერ დასთეს და ვერც მოიმკი. ჩვენმა წმინდა მამებმა ყოველთვის შესანიშნავად უწყოდნენ, რომ სარწმუნოებრივი იდეოლოგიის მხრივ ქართველებსა და ისრაელიანებს შორის უფრო მეტი საერთოა, ვიდრე სხვაობა. და ეს საერთო - ერთი უფალი ღმერთია, მხედართმთავარი ცისა და ქვეყნის, ხოლო სადაც გამჩენი სუფევს, არაა ადგილი სიძულვილისა.

ამიტომ მე ვწყვეტ ამ თემაზე პოლემიკას. ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია ისტორიის მიერ და იგი ჩვენს გენეტიკურ მეხსიერებაში ძევს. მოვუწოდებ გონიერ საზოგადოებას, ნუ აყვებით ერთი და იმავე სცენარით დაწერილ პროვოკაციებს, ნუ გააღვივებთ შუღლს, სთესეთ მშვიდობა - ეს დიდი მადლია.

ღმერთმა დალოცოს ისრაელი და საქართველო, ებრაელები და ქართველები, მადლობა გამჩენს ჩვენი ღირსეული წარსულისათვის და კიდევ უფრო ღირსეული მომავლისათვის!
 

მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი, იაკობ გაგულაშვილი მიმართვას ავრცელებს. 

კომენტარები