მე-10 მოწვევის პარლამენტი

ბოკერია: ამნისტიის კანონიდან რურუას მუხლი ამოიღეს – დასტურია, რომ პოლიტპატიმარია

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია, პარლამენტის მიერ ამნისტიის შესახებ კანონის დამტკიცებას ეხმაურება. ბოკერიას თქმით, ამ ამნისტიით და გიორგი რურუას მუხლის ამოღებით, როცა მასში უფრო მძიმე მუხლებია დატოვებული, ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ როგორ უტიფრად იყენებს ყველაფერს პოლიტიკური ამოცანებისთვის.

"მთავარი საკითხია, თუ რისი დემონსტრირება მოახდინა ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთხელ ამ ამნისტიით, როცა გიორგი რურუას მუხლი ამოიღო, უფრო მძიმე მუხლები არის დატოვებული, ეს კი ამოღებულია, ეს არის დასტური, რომ ის პოლიტპატიმარია და დასტურია იმის, თუ როგორ უტიფრად იყენებენ ყველაფერს პოლიტიკური დაკვეთისათვის და ამოცანებისთვის, მათ შორის ამნისტიასაც". – თქვა ბოკერიამ.

დღეს, 11 დეკემბერს მეათე მოწვევის პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის, თქმით, ამნისტია შეეხება, დაახლოებით, ექვსი ათასზე მეტ პრობაციონერს და ოთხი ათას ისეთ პირს, რომელსაც 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე სისხლის სამართლის ჯარიმები ჰქონდათ. 

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს.

მოგვიანებით გიორგი რურუას საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან ბრალდებულმა უარი თქვა სასამართლოს განჩინების მიხედვით, დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე.

კომენტარები