ამნისტია

83 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი – პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი მესამე მოსმენით მიიღო

ტაბულა

83 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი – მეათე მოწვევის პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. სესიაზე 87 დეპუტატი დარეგისტრირდა. 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის, თქმით, ამნისტია შეეხება, დაახლოებით, ექვსი ათასზე მეტ პრობაციონერს და ოთხი ათას ისეთ პირს, რომელსაც 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე სისხლის სამართლის ჯარიმები ჰქონდათ. 

"კანონპროექტი ადამიანების ფართო წრეს მოიცავს, რომელსაც უშუალოდ შეეხება ეს კანონპროექტი. ეს არის იმ მუშაობის შედეგი, რომლის შედეგადაც, 1 500-ზე მეტ მოქალაქეს, რომელიც საპატიმროში იმყოფება, შეეხება ამნისტია. ასევე, ამნისტია შეეხება, დაახლოებით, ექვსი ათასზე მეტ პრობაციონერს და ოთხი ათას ისეთ პირს, რომელსაც 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე დაკისრებული ჰქონდა სისხლის სამართლის განაჩენით ჯარიმები. შესაბამისად, საკმაოდ ფართოა წრე ადამიანების, რომლებსაც ამნისტიის შესახებ კანონი ადგენს". – თქვა მან. 

 კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული დანაშაული. ამნისტია არ შეეხება მკვლელობასა და ოჯახურ ძალადობაში მსჯავრდებულებს. ამნისტია სისტემატურ დანაშაულზე არ გავრცელდება.  

ამნისტიას დაექვემდებარება ქურდობა, ფალსიფიკაცია, ქონების დაზიანება, სხეულის დაზიანების სხვადასხვა კატეგორიები, ნარკოდანაშაული (გასაღების გარდა) და სხვ. ამნისტია შეეხება 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.

 

კომენტარები