მეუფე შიო

მოსაყდრე: ეკლესიასთან დაპირისპირებული ძალების უკან დგას დემონური ძალები

[...] ჩვენ ვხედავთ, რომ დღესაც გრძელდება წინააღმდეგობა ღვთის მიმართ. საუკუნეების განმავლობაში ასე იყო და დღესაც ასეა. ძირითადად ამბობენ, რომ იესო ქრისტეს სწავლება, ესაა ჩვეულებრივი ადამიანური სწავლება, ერთერთი სწავლებათაგანი, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია სხვა აზრი გვქონდეს, შეგვიძლია, მივიღოთ ან არ მივიღოთ, ადამიანი თავისუფალია და ისე წარმოაჩენენ ამას, როგორც ადამიანურ სწავლებას. ძირითადად, აქამდე დადის ხოლმე ადამიანთა წინააღმდეგობა.

ამაზე მშვენივრად პასუხობს სწორედ დღეს წაკითხული პავლე მოციქულის ეპისტოლე. იგი ამბობს, რომ ეს არ არის ადამიანური სწავლება. საქმეც სწორედ ესაა. მოციქული ამბობს, რომ "ის სახარება, რომელსაც მე თქვენ გახარებთ, არ არის კაცობრივი, არ არის ადამიანური, მეც კაცისგან როდი ვისწავლე ეს ყველაფერი, არამედ თავად უფალ იესო ქრისტეს გამოცხადებით მეუწყაო". თქვენ იცით, რომ პავლე მოციქული მდევნელი იყო ქრისტიანობისა. იგი გახლდათ ორთოდოქსი ებრაელი და დიდი სჯულის მეცნიერის მოწაფე. შემდეგ უფალმა იესო ქრისტემ სასწაულებრივად მოაქცია და ხდება მოციქული. პავლე თავისი დროის უგანათლებულესი ადამიანი იყო. მართლაც, მან უშუალოდ ქრისტესაგან მიიღო სწავლება ქრისტესა და ეკლესიის შესახებ. ამიტომ მისი ეს მტკიცებულება, ეს სიტყვები განსაკუთრებით ძლიერად ჟღერს. დღეს ჩვენც შეგვიძლია, პავლე მოციქულთან ერთად ვთქვათ, რომ ის, რაც სახარებაში წერია, არ არის კაცობრივი, არ არის ადამიანის მოგონილი და ადამიანის შემოქმედება. ეს არის ძე ღმერთის, განკაცებული ღმერთისა და სულიწმინდის მიერ მოცემული სწავლება.

რა ადასტურებს ამ ყველაფერს? - მთელი ეკლესიის ისტორია. ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ, რა ძალები უპირისპირდებიან ეკლესიას მთელი საუკუნეების განმავლობაში - ეს არის საშინელი ადამიანური ძალები და, რა თქმა უნდა, ამ ძალების უკან დგას დემონური ძალები. ჩვენ განსაკუთრებით გვახსოვს ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიოდი. ასეთი დევნა, მგონი, არც ერთ ეპოქაში არ ყოფილა ეკლესიის წინააღმდეგ. მიზნად იყო დასახული სრულიად აღგვა პირისაგან მიწისა ეკლესიისა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვერც ერთმა ამ იმპერიამ და იდეოლოგიამ ამას ვერ მიაღწია. ის ყველაფერი - მათი სწავლებაც, მათ იდეოლოგიაც - დღეს დავიწყებას არის მიცემული, ქრისტეს სიტყვა კი დღეს ჟღერს მთელ მსოფლიოში, ის ეხება ადამიანთა გულებს საოცრად და რაც მთავარია, ის ცვლის ადამიანს. აი, ეს არის მთავარი.

აი, ამ ყველაფერზე ვფიქრობთ ჩვენ დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო. თუ ჩვენ ასე მივიღებთ ქრისტეს სიტყვებს, დავიმარხავთ ჩვენს გულებში, მივიღებთ, როგორც ღმერთის სიტყვებს და, ამასთანავე, შევიგრძნობთ, რომ ეს არის ღვთაებრივი სწავლება, ამისათვის, რა თქმა უნდა, აუცილებელია, ვიცხოვროთ ამით; მარტო თეორიულად ადამიანს ვერ დაარწმუნებ, შენს თავსაც ვერ დაარწმუნებ, რომ ეს მოდის ღვთისგან. მაშინ მოდის ეს დიდი სულიერი გამოცდილება, რომელსაც შეუძლია, გადალახოს ყოველგვარი ადამიანური წინააღმდეგობა, განსაცდელი, მაშინ შემოდის ეს საოცარი დასტური და ღვთაებრივი სიხარული, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დავძლიოთ განსაცდელიც, მწუხარებაც და შევიგრძნოთ ღვთის სიყვარული. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.

გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დალოცვას, ლოცვა-კურთხევას. ღმერთმა ინებოს, შევიგრძნოთ, რომ სიტყვა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ესაა ღმერთის სიტყვა და ვიცხოვროთ ამით. თუ ეს ასე მოხდება, მაშინ ჩვენ არა მარტო მარადისობისკენ გაგვეხსნება კარი და გზა მარადიული სიცოცხლისთვის, არამედ აქვე, მიწიურ ცხოვრებაშიც მოგვეცემა საშუალება, რომ ჩვენს გულებში ცათა სასუფეველი დამკვიდრდეს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

IPN-ის ცნობით, ამბობს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მოსაყდრე, მეუფე შიო ქადაგებისას.

კომენტარები