მეუფე შიო

რუსეთის ეკლესია "თანაგრძნობით აკვირდება" მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლას – დეკანოზი იაკიმჩუკი

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილის, დეკანოზ იგორ იაკიმჩუკის თქმით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია "თანაგრძნობით ადევნებს თვალს" საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს შესაძლო მოწამვლას. ამის შესახებ იაკიმჩუკმა რუსეთის სამთავრობო მედია ТАСС-თან ისაუბრა.

"ჩვენ მხოლოდ ის ინფორმაცია გვაქვს, რაც მედიაში გავრცელდა. რა თქმა უნდა, ვწუხვართ ეპისკოპოსის გამო. ის მსახურობდა მოსკოვში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში და სწავლობდა წმინდა ტიხონის უნივერსიტეტში". – თქვა იაკიმჩუკმა.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, მამა ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, მეუფე შიოს სისხლის ანალიზში გარკვეული ცვლილებებია და მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მეტია. თუმცა, როგორც მეუფე ანდრია ამბობს, პატრიარქის მოსაყრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა "ნორმალურია" და დაზუსტებით სხვა დეტალების თქმა ჯერ რთულია.   

"ნაწილობრივ შეიძლება საფუძველი ჰქონდეს იმ ინფორმაციას, რაც გავრცელდა". – დაწერა ჯაღმაიძემ პატრიარქის მოსაყდრის მოწამვლაზე გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.  

თუმცა, როგორც მან მანამდე ტაბულას უთხრა, საკითხზე საჯაროდ "მრავალი უზუსტობა ითქვა".

7 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეუფე შიოს განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოძიება დაიწყო.

კომენტარები