ხანძარი საქართველოში

საგანგებო: ღამის განმავლობაში საქართველოში ხანძრის 2 ახალი კერა გაჩნდა, ამ დროისთვის 6 კერაა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 9 იანვრის დილის მონაცემებით საქართველოში ტყისა და მინდვრის ხანძრის 6 კერაა.  

უწყების ცნობით, ღამის განმავლობაში 2 ახალი კერა გაჩნდა - ერთი იმერეთში, ერთი კი სამეგრელოში. საჩხერეში, სოფელ ვაკისაში, ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი იწვის, საგანგებოს ინფორმაციით, ხანძრის სიახლოვეს დასახლებული პუნქტი არ არის. მარტვილში, სოფელ ბალდაში კი ხანძარი იმ ფერდის სიახლოვეს გაჩნდა, სადაც მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლი 2 დღის წინ ჩააქრეს.

"აღნიშნულ კერაზე ღამე მოხდა რეაგირება და ამ დრომდე მიმდინარებს სალოკალიზაციო სამუშაოები. ბალდის გარდა, ერთი კერაა დობერაზენში და ორი - წალენჯიხაში, სოფელ სქურში. სქურში ორივე კერა ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები". - წერია განცხადებაში. 

განცხადების მიხედვით, ამ დროისთვის ხანძრის 6 კერიდან 3 ლოკალიზებულია - ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არის.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე". - წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები