ხანძარი

500 მეხანძრე-მაშველი ხანძრის ჩაქრობას 7 ადგილზე განაგრძობს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

500 მეხანძრე-მაშველი 7 ლოკაციაზე განაგრძობს ცეცხლის ქრობის სამუშაოებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა მონიტორინგს ტყისა და მინდვრის ხანძრის 7 კერაზე. არც ერთ მათგანზე გართულება არ ყოფილა. ამ დროისთვის, სიტუაცია კონტროლს ყველგან ექვემდებარება, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არსებული 7 კერიდან სამი კერა ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძარი დარჩენილია სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმსა და შიდა ქართლში.

შვიდი კერიდან  ოთხი სამეგრელოშია, მათ შორის, ერთი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სამზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები. ორი კერაა წალენჯიხაში, სოფელ სქურში, ერთი - სოფელ ფახულანში და ერთიც მარტვილში, სოფელ დობარაზენში.

ორი კერაა დარჩენილი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში. მათ შორის ერთი ლოკალიზებულია. ონში რჩება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება ქრობის სამუშაოებში.

ხანძარი ლოკალიზებულია, ასევე, შიდა ქართლში, კასპში, რკონის ხეობაში და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებაში.

მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება, როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე.

კომენტარები