კაპიტოლიუმში შეჭრა

როგორ გამოეხმაურა მსოფლიო აშშ-ში განვითარებულ მოვლენებს

აშშ-ს კაპიტოლიუმი. 2021 წლის 6 იანვარი.
REUTERS

6 იანვარს აშშ-ს კონგრესი არჩევნების შედეგების დასამტკიცებლად და ახალი პრეზიდენტის გამოსაცხადებლად შეიკრიბა, თუმცა კონგრესის მუშაობა შენობაში შეჭრილმა დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა შეუშალეს. 

კაპიტოლიუმის შენობაში მოხდა დაპირისპირება, ისმოდა სროლის ხმაც, საბოლოოდ პოლიციამ გაათავისუფლა დემონსტრანტების მიერ დაკავებული სივრცეები შენობაში, გამოცხადდა კომენდანტის საათი, ადგილზე მივიდა ნაციონალური გვარდიაც. გუშინდელი დაპირისპირების შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი. 

კონგრესსმა მუშაობა შესვენების შემდეგ განაახლა და საბოლოოდ პრეზიდენტად ჯო ბაიდენი გამოაცხადა. ვაშინგტონში განვითარებული მოვლენები პირველი წუთიდან მსოფლიო მედიისა და პოლიტიკოსების ყურადღების ცენტრში მოექცა. არეულობას გამოეხმაურნენ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები, სპორტისა და შოუბიზნესის ვარსკვლავები. მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერები აშშ-ში განვითარებულ მოვლენებს სხვადასხვა სიტყვებით აფასებდნენ, მაგრამ ძირითადად ისინი გაკვირვებას და გაოცებას გამოთქვამდნენ. 

ერთ-ერთი პირველი, ვინც ვაშინგტონში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა, იყო გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი . "სამარცხვინო სცენაა. აშშ მხარს უჭერს დემოკრატიას მთელ მსოფლიოში და ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ძალაუფლების გადაცემა მოხდეს მშვიდად და კანონიერად". - დაწერა ბორის ჯონსონმა თავის ტვიტერზე. 

საკითხს მოგვიანებით გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი. თავის ტვიტერზე საფრანგეთის პრეზიდენტმა დაწერა: "გვინდა გამოვხატოთ რწმენა და დავადასტუროთ ჩვენი მეგობრობა აშშ-ს მიმართ. ის, რაც დღეს ვაშიგნტონში მოხდა, არ არის ამერიკული. ჩვენ გვჯერა ჩვენი დემოკრატიის სიძლიერის, ჩვენ გვჯერა აშშ-ს დემოკრატიის სიძლიერისა."

დაძაბულობას ვაშინგტონში მალევე გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიპ ერდოღანიც, რომელმაც გამოთქვა მზაობა, "თურქეთში უმასპინძლოს დაპირისპირებულ მხარეებს და დაეხმაროს არსებული კრიზისის დაძლევაში."

"შოკისმომგვრელი სცენებია ვაშინგტონიდან. დემოკრატიული არჩევნების შედეგებს პატივი უნდა სცეს ყველა მხარემ", - ასე გამოეხმაურა, ვაშინგტონში მიმდინარე არეულობას ნატოს გენერალური მდივნი, იენს სტოლტენბერგი.

"აშშ-ს კონგრესი დემოკრატიის ტაძარია, ვაშინგტონში მიმდინარე ამბები შოკში მაგდებს, ჩვენ გვჯერა, რომ აშშ უზრუნველყოფს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემას ჯო ბაიდენისთვის",- განაცხადა ევროპის საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა. 

აშშ-ში შექმნილ კრიზისს თავის ტვიტერზე გამოეხმაურა, ევროკომიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი. ევროკომისიის პრეზიდენტმა გააზიარა ჯო ბაიდენის ტვიტი კომენტარით, "ველოდები მომენტს, როდესაც მასთან [ბაიდენთან] მუშაობას დავიწყებთ, როგორც აშშ-ს ახალ პრეზიდენტთან."

ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს რუსეთიდან ჯერჯერობით, მხოლოდ ფედერაციის საბჭოს სენატორი კონსტანტინ კოსაჩოვი გამოეხმაურა. "დემოკრატიის ზეიმი დასრულებულია, ამერიკა უკვე ვერ მიუძღვება კურსს, შესაბამისად, დაკარგა უფლება ამ კურსზე მითითების და, მით უფრო, ვინმესთვის თავზე მოხვევის."

პოლიციას დემონსტრანტების შენობიდან გასაყვანად და წესრიგის აღსადგენად რამდენიმე საათი დასჭირდა. კანონმდებლები შენობიდან დაცვის თანხლებით გაიყვანეს. დედაქალაქში არეულობის აღსაკვეთად დაწესდა კომენდანტის საათი  და მობილიზებული იყო ეროვნული გვარდია.

პოლიციის ინფორმაციით, დაიღუპა 4 ადამიანი. მათ შორისაა ქალი, რომელიც კონგრესის შენობაში სროლისას დაიჭრა. სამმა პირმა კი დაზიანებები არეულობის დროს მიიღო. დააკავეს, სულ მცირე, 52 ადამიანი.

მოგვიანებით სხდომა განახლდა. რესპუბლიკელ კანონმდებელთა ნაწილმა სცადა, ხელი შეეშალა ბაიდენის გამარჯვების დამტკიცებისათვის. მათ გააპროტესტეს საარჩევნო კოლეგიის მიერ მიცემული ხმები რამდენიმე შტატში. ესენია ჯორჯია, პენსილვანია, არიზონა, ნევადა და მიჩიგანი. არიზონის, ნევადისა და მიჩიგანის შემთხვევაში პროცედურა დებატებამდე არ მისულა. დებატები კონგრესის ორივე პალატაში გაიმართა ჯორჯიისა და პენსილვანიის ხმების თაობაზე, თუმცა არცერთმა პალატამ ამ პროტესტს მხარი არ დაუჭირა.

სენატორების ნაწილმა, რომელიც ამბობდა, რომ ბაიდენის გამარჯვების სერტიფიკაციას მხარს არ დაუჭერდა, კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის შემდეგ პოზიცია შეიცვალა. მათ შორისაა ჯორჯიის სენატორი კელი ლოფლერი, რომელიც 5 იანვრას გამართული სენატის არჩევნების მეორე ტურში დემოკრატ კონკურენტთან დამარცხდა. პროტესტს მხარი არ დაუჭირა ტრამპის ერთ-ერთმა ყველაზე აქტიური მხარდამჭერმა ლინდსი გრემმაც.

"ერთადერთი, რის თქმაც შემიძლია, ის არის, რომ მე არ მიმათვალოთ. საკმარისია. ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი კანონიერად აირჩიეს და გახდებიან პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი 20 იანვარს". - თქვა მან.

ვაშინგტონში განვითარებული მოვლენების პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ლოფლერი და ჯორჯიის კიდევ ერთი მოქმედი რესპუბლიკელი სენატორი არჩევნების მეორე ტურში დემოკრატ ოპონენტებთან მარცხდებიან. შედეგად, რესპუბლიკური პარტია სენატში უმრავლესობას კარგავს.

კომენტარები