აშშ-ს კონგრესში საარჩევნო კოლეგიის ხმების სერტიფიკაციის პროცესი გაგრძელდა. წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ერთობლივი სხდომა მას შემდეგ შეწყდა, რაც ტრამპის მხარდამჭერი აქციის მონაწილეთა ნაწილი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა.
"მივმართავ მათ, ვინც დღეს კაპიტოლიუმზე ქაოსი მოიაწყო - თქვენ ვერ გაიმარჯვეთ. დავუბრუნდეთ სამუშაოს". - თქვა ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა სხდომის განახლების წინ.
პოლიციას მათი შენობიდან გასაყვანად და წესრიგის აღსადგენად რამდენიმე საათი დასჭირდა. კანონმდებლები შენობიდან დაცვის თანხლებით გაიყვანეს. დედაქალაქში არეულობის აღსაკვეთად კომენდანტის საათი დაწესდა და მობილიზებული იყო ეროვნული გვარდია.
პოლიციის ინფორმაციით, დაიღუპა 4 ადამიანი. მათ შორის არის ქალი, რომელიც კონგრესის შენობაში სროლისას დაიჭრა. სამმა პირმა კი დაზიანებები არეულობის დროს მიიღო. დააკავეს, სულ მცირე, 52 ადამიანი.
რესპუბლიკელი კონგრესმენების ნაწილი კვლავ ცდილობს, ხელი შეუშალოს ბაიდენის გამარჯვების დამტკიცებას. ისინი აპროტესტებენ სხვადასხვა შტატის საარჩევნო კოლეგიის მიერ მიცემულ ხმებს და მოითხოვენ კომისიის შექმნას, რომელიც არჩევნების გაყალბების საკითხს შეისწავლის, თუმცა ამისათვის როგორც წარმომადგენელთა პალატის, ასევე სენატის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდებათ და მათი ყველა მცდელობა ამ დროისთვის უშედეგოდ დასრულდა. წარმომადგენელთა პალატაში არიზონის შტატის ხმების გაპროტესტება 303 ხმით 121-ის წინააღმდეგ ჩავარდა, სენატში კი 93 ხმით 6-ის წინააღმდეგ. 92 ხმით 7-ის წინააღმდეგ ჩავარდა პენსილვანიის შტატის ხმების გაპროტესტება.
სენატორების ნაწილმა, რომელიც ამბობდა, რომ ბაიდენის გამარჯვების სერტიფიკაციას მხარს არ დაუჭერდა, კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის შემდეგ პოზიცია შეიცვალა. მათ შორისაა ჯორჯიის სენატორი კელი ლოფლერი, რომელიც 5 იანვრას გამართული სენატის არჩევნების მეორე ტურში დემოკრატ კონკურენტთან დამარცხდა. პროტესტს მხარი არ დაუჭირა ტრამპის ერთ-ერთმა ყველაზე აქტიური მხარდამჭერმა ლინდსი გრემმაც.
"ერთადერთი, რის თქმაც შემიძლია, არის, რომ მე არ მიმათვალოთ. საკმარისია. ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი კანონიერად აირჩიეს და გახდებიან პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტი 20 იანვარს". - თქვა მან.
ვაშინგტონში განვითარებული მოვლენების პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ლოფლერი და ჯორჯიის კიდევ ერთი მოქმედი რესპუბლიკელი სენატორი არჩევნების მეორე ტურში დემოკრატ ოპონენტებთან მარცხდებიან. შედეგად, რესპუბლიკური პარტია სენატში უმრავლესობას კარგავს.