კაპიტოლიუმში შეჭრა

ჰარისი: ვუერთდები ბაიდენის მოწოდებას, დასრულდეს კაპიტოლიუმზე თავდასხმა

კამალა ჰარისი
NYM

აშშ-ს არჩეული ვიცეპრეზიდენტი, კამალა ჰარისი, ვაშინგტონში მიმდინარე ამბებზე განცხადებას ავრცელებს.

"მე ვუერთდები არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, კაპიტოლიუმისა და ჩვენი ქვეყნის საჯარო მოსამსახურეებზე თავდასხმის დასრულების მოწოდებას და როგორც მან თქვა, "დაუშვით, რომ დემოკრატიის მუშაობა გაგრძელდეს".

ჰარისი კაპიტოლიუმში იყო, როდესაც ტრამპის მხარდამჭერები შენობაში შეიჭრნენ. ის უსაფრთხოდ გაიყვანეს.

ბაიდენმა კაპიტოლიუმში შეჭრაზე განაცხადა, რომ აშშ-ს დემოკრატია უპრეცედენტო თავდასხმის ქვეშაა.

დონალდ ტრამპმა აშშ-ს კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრილ მხარდამჭერებს მიმართა და მოუწოდა სახლებში წასვლისკენ. ამასთან ერთად, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ბრალდებები არჩევნების გაყალბებაზე.

კონგრესის შენობაში წარმომადგენელთა პალატისა და სენატის სხდომა მიმდინარეობდა, რომელიც მომიტინგეთა შეჭრის შემდეგ ჩაიშალა და კანონმდებლებმა შენობა დაცვის თანხლებით დატოვეს.

კაპიტოლიუმის შენობაში სროლა იყო. ამერიკული მედიის ინფორმაციით დაჭრილია ერთი ქალი. CNN-ის მიხედვით მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

კონგრესს ოფიციალურად უნდა დაემტკიცებინა საარჩევნო კოლეგიის ხმები, რომლის მიხედვითაც აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება. ტრამპის მხარდამჭერები ამას ეწინააღმდეგებიან. თავად ტრამპი დამარცხებას ამ დრომდე არ აღიარებს და კვლავ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს.

აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის ბორცვზე შეკრებილ დონალდ ტრამპის მხარდამჭერებს პოლიცია და ეროვნული გვარდია შლის. მათ ამისათვის ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს.

კომენტარები