აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის ბორცვზე შეკრებილ დონალდ ტრამპის მხარდამჭერებს პოლიცია და ეროვნული გვარდია შლის. მათ ამისათვის ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს.
სამართალდამცველებს გამოჰყავთ კონგრესის შენობაში შეჭრილი ადამიანები. პოლიციის განცხადების მიხედვით დააკავეს 13 ადამიანი.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წუთში დედაქალაქში კომენდანტის საათი ამოქმედდება, მომიტინგეთა ნაწილი დაშლაზე უარს ამბობს.
დონალდ ტრამპმა აშშ-ს კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრილ მხარდამჭერებს მიმართა და მოუწოდა სახლებში წასვლისკენ. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ბრალდებები არჩევნების გაყალბებაზე:
"ვიცი თქვენი ტკივილი. ჩვენ გვქონდა არჩევნები, რომელიც მოგვპარეს. დიდი უპირატესობით მოვიგეთ და ყველამ იცის ეს, განსაკუთრებით მეორე მხარემ. მაგრამ ახლა სახლში უნდა წახვიდეთ. მშვიდობა უნდა გვქონდეს, კანონი და წესრიგი უნდა გვქონდეს. პატივი უნდა ვცეთ სამართალდამცველებს. არ გვინდა, რომ ვინმე დაშავდეს. ძალიან რთული პერიოდია. ასეთი დრო არასდროს ყოფილა, როდესაც ასეთი რამ მოხდა, და ჩვენ ყველას წაგვართვეს [არჩევნები], ეს გაყალბებული არჩევნები იყო, მაგრამ ვერ ვითამაშებთ ამ ხალხის სასარგებლოთ. მშვიდობა გვჭირდება. წადით სახლებში. გვიყვარხართ. ძალიან გამორჩეული ხალხი ხართ". - თქვა მან.
მანამდე გავრცელდა აშშ-ს პრეზიდენტად არჩეული ჯო ბაიდენის მიმართვა. მან კონგრესში შეჭრილებს ექსტრემისტები უწოდა და ტრამპს მოსთხოვა გაეკეთებინა საჯარო განცხადება.
"ყველა ხედავთ იმას, რასაც მე. ჩვენი დემოკრატია უპრეცედენტო თავდასხმის ქვეშაა. ასეთი არაფერი გვინახავს თანამედროვეობაში. ესაა თავდასხმა თავისუფლების ციტადელზე, თვით კაპიტოლიუმზე, თავდასხმა ხალხის წარმომადგენლებზე, კაპიტოლიუმის პოლიციელებზე და საჯარო მოხელეებზე, რომლებიც ჩვენი რესპუბლიკის გულში მუშაობენ. თავდასხმა კანონის ოთახზე, რომლის მსგავსიც მხოლოდ რამდენიმეჯერ გვინახავს. ესაა თავდასხმა აშშ-ს ყველაზე წმინდა საქმიანობაზე, ხალხის საქმის კეთებაზე.
კაპიტოლიუმში ქაოსის სცენა არ წარმოადგენს ნამდვილ ამერიკას, იმას, რაც რეალურად ვართ. ჩვენ ვხედავთ ექსტრემისტების მცირე ჯგუფს, რომელთა მიზანიც კანონის დარღვევაა. ეს არაა პროტესტი, ეს არეულობაა, ქაოსია. ეს უნდა დასრულდეს, ახლავე.
მოვუწოდებ ამ ბრბოს უკან დაიხიონ და დემოკრატიას საშუალება მისცენ წინ წავიდეს. ადრეც მითქვამს, სხვა კონტექსტში, პრეზიდენტის სიტყვები მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რამდენად კარგი ან ცუდია ეს პრეზიდენტი. საუკეთესო შემთხვევაში პრეზიდენტის სიტყვებს შეუძლია შთაგონება. უარეს შემთხვევაში - დაპირისპირების გაღვივება.
ამიტომ პრეზიდენტ ტრამპს მოვუწოდებ, გამოვიდეს ტელევიზიით ახლავე და შეასრულოს ფიცი და დაიცვას კონსტიტუცია. მოითხოვოს ამ ალყის დასრულება". - თქვა ბაიდენმა.
კონგრესის შენობაში წარმომადგენელთა პალატისა და სენატის სხდომა მიმდინარეობდა, რომელიც მომიტინგეთა შეჭრის შემდეგ ჩაიშალა და კანონმდებლებმა შენობა დაცვის თანხლებით დატოვეს.
კაპიტოლიუმის შენობაში სროლა იყო. ამერიკული მედიის ინფორმაციით დაჭრილია ერთი ქალი. CNN-ის მიხედვით მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
კონგრესს ოფიციალურად უნდა დაემტკიცებინა საარჩევნო კოლეგიის ხმები, რომლის მიხედვითაც აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება. ტრამპის მხარდამჭერები ამას ეწინააღმდეგებიან. თავად ტრამპი დამარცხებას ამ დრომდე არ აღიარებს და კვლავ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს.