შობა 2021

მეუფე გრიგოლი: ამ უმძიმესი მდგომარეობის დაძლევას მხოლოდ სოლიდარობით თუ შევძლებთ

ერთი წელი შესრულდა, რაც ე.წ. ახალმა კორონავირუსმა (COVID 19) მოიცვა მთელი მსოფლიო და გლობალური გამოწვევის წინაშე დააყენა კაცობრიობა. დღემდე უცნობი ბუნების მქონე ვირუსულ დაავადებას უამრავი ადამიანი შეეწირა, მათ შორის, ექიმები, ექთნები, სანიტრები, რაც დიდ ტკივილთან და მწუხარებასთან არის დაკავშირებული. გულითადად თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.

ვირუსი წამლავს და ასუსტებს ადამიანის ორგანიზმს, რაც, რიგ შემთხვევებში, საბედისწერო გართულებებს იწვევს და საფრთხეს უქმნის ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობას; მეცნიერები ჯერ კიდევ დაკვირვებისა და შესწავლის პროცესში არიან; ეს მდგომარეობა ძალიან ჰგავს სიბნელეში სიარულს, როცა არ იცი, რას გადაეყრები და ხელის ცეცებით მოძრაობ. სიცოცხლის უსაფრთხოების მიზნით, საზოგადოებრივ ყოფაში დაწესებული სხვადასხვა სახის სავალდებულო შეზღუდვები უკიდურესად ართულებს ადამიანების ცხოვრებას და ყველაფერთან ერთად ქმნის მძიმე ფსიქოლოგიურ ფონს.

ამ უმძიმესი მდგომარეობის დაძლევას მხოლოდ სოლიდარობითა და თანადგომით თუ შევძლებთ. და მაინც, ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, ქრისტეს შობის დღესასწაულს სიხარულით ვხვდებით, რადგან მასშია ჩასახული იმედი გადარჩენისა და საუკუნო ცხოვრებისა

ნათქვამია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის საშობაო გზავნილში.

კომენტარები