აშშ-ს არჩევნები

აშშ-ს ჯორჯიის შტატში ორი სენატორის ასარჩევად ჩატარებული მეორე ტურის შედეგებს ითვლიან

რაფაელ ვარნოკი, ჯონ ოსოფი, დევიდ პერდუ, კელი ლოფლერი

5 იანვარს აშშ-ს ჯორჯიის შტატში ორი სენატორის ასარჩევად მეორე ტური ჩატარდა. ამ დროისთვის დათვლილია ხმების 97%. ორივე შემთხვევაში კანდიდატებს შორის სხვაობა მცირეა.

დაგეგმილ არჩევნებში ლიდერობს მოქმედი რესპუბლიკელი სენატორი დევიდ პერდუ. მას 2 191 369 ხმა აქვს მიღებული, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელ ჯონ ოსოფს კი – 2 190 047.

საგანგებო არჩევნებში ხმების 50.4%-ით (2 208 580 ხმა) დემოკრატი კანდიდატი რაფაელ ვარნოკი ლიდერობს. რესპუბლიკელ კელი ლოფლერს 49.6% (2 172 931 ხმა) აქვს.

რესპუბლიკურ პარტიას სენატში, ამ დროისათვის, 50 ადგილი აქვს და უმრავლესობის მოსაპოვებლად დამატებით მხოლოდ ერთი ადგილი სჭირდება.

დემოკრატიულ პარტიას კი 48 ადგილი აქვს და სენატზე კონტროლის დასამყარებლად ჯორჯიაში ორივე კანდიდატის გამარჯვება სჭირდება. ამ შემთხვევაში სენატში ადგილები თანაბრად გადანაწილდება და გადამწყვეტი ხმა ვიცეპრეზიდენტს მიენიჭება. ამ პოსტზე კი დემოკრატი კამალა ჰარისია არჩეული.

სპეციალური არჩევნები სენატორ ჯონი აიზეკსონის გადადგომის გამო დაინიშნა. მის მოვალეობას კელი ლოფლერი ასრულებდა. პირველ ტურში ლოფლერი მეორე ადგილზე გავიდა ხმების 26%-ით. პირველ ადგილზე დემოკრატი რაფაელ ვარნოკია 33%-ით. ლოფლერმა რესპუბლიკელთა ამომრჩევლების ხმების ნაწილი იმის გამო დაკარგა, რომ კენჭს მასთან ერთად პარტიიდან კიდევ ერთი კანდიდატი, დაგ კოლინზი იყრიდა. მან 20% მიიღო და შესაბამისად მეორე ტურში ვერ გადავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ხმები სრულად არ არის დათვლილი, ვარნოკმა უკვე გამოაცხადა თავი გამარჯვებულად.

პარალელურად დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა, რომ რესპუბლიკური პარტიის კანდიდატების წინააღმდეგ არჩევნების გაყალბებას ცდილობენ.

ტრამპი 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებას ამ დრომდე არ აღიარებს და კვლავ გაყალბებაზე საუბრობს.

The Washington Post-მა გაავრცელა სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც ტრამპი ჯორჯიის შტატის მდივანს, რესპუბლიკელ ბრედ რაფენსპერგერს ესაუბრება. ჯორჯია ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობის შტატი იყო, რომელიც ტრამპმა წააგო. სატელეფონო საუბარში ტრამპი რაფენსპერგერს სთხოვს, შედეგები გადათვალოს და მისთვის 11 780 ხმა იპოვოს.

"მხოლოდ ერთი რამის გაკეთება მსურს. მინდა, ვიპოვო 11 780 ხმა, რაც ერთით მეტია იმაზე, ვიდრე გვაქვს, რადგან შტატში გავიმარჯვეთ". – ამბობს ტრამპი ჩანაწერში.

11 780 ხმის დამატების შემთხვევაში ტრამპს სულ ჯორჯიის შტატში 2 473 634 ხმა ექნებოდა, რაც ბაიდენის მიერ მიღებულ ხმებზე ზუსტად ერთით მეტი აღმოჩნდებოდა. ჯორჯიაში ხმები უკვე სამჯერ გადათვალეს, სანამ ბაიდენის გამარჯვებას დაადასტურებდნენ. რაფენსპერგერმა ეს ტრამპთან საუბარში აღნიშნა:

"ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ რამდენიმე საჩივარი გვქონდა სასამართლოში, ჩვენ ამ საჩივრებზე რეაგირება გვქონდა. არ გეთანხმებით იმაში, რომ გაიმარჯვეთ". – ამბობს ის.

"არაფერი დაშავდება, თუ იტყვით, რომ ხელახლა დათვალეთ. გადახედეთ შედეგებს, მაგრამ იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც პასუხების პოვნა სურთ და არა მათთან, ვისაც არ სურთ". – უთხრა მას ტრამპმა.

"თქვენი გამოწვევა, ბატონო პრეზიდენტო, ისაა, რომ მონაცემები, რომლებიც თქვენ გაქვთ, არასწორია". – უპასუხა მას რაფენსპერგერმა.

მიუხედავად ამისა, ტრამპი საუბრობდა ბიულეტენების განადგურებაზე და მას გასამართლებითაც კი დაემუქრა.

"შენ იცი, რაც ჩაიდინეს და არ ამბობ. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. ამას ვერ დაუშვებ. ეს დიდი რისკია შენთვის და შენი ადვოკატისთვის". – ამბობს ტრამპი ჩანაწერში.

ის ასევე აფრთხილებს რაფენსპრგერს, რომ შედეგები ხელახლა გამოთვლაზე უარის თქმა გავლენას მოახდენს რესპუბლიკელ ამომრჩევლებზე და ისინი ჯორჯიის სენატის არჩევნების მეორე ტურზე ხმის მისაცემად არ მივლენ.

ვიცეპრეზიდენტად არჩეულმა კამალა ჰარისმა ტრამპის კომენტარები ძალაუფლების ბოროტად გამოყენებად შეაფასა.

ის, რომ არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა დაადასტურა აშშ-ს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა უილიამ ბარმა, რომელიც ამ განცხადებიდან მალევე თანამდებობიდან გადადგა. სასამართლოში ტრამპის გუნდისა და რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთი წევრის მიერ შეტანილი სარჩელები არჩევნების შედეგები გაუქმების თაობაზე სასამართლომ არცერთ შტატში არ დააკმაყოფილა. მათ შორის მსგავსი სარჩელი განხილვის გარეშე ერთხმად უარყო აშშ-ს უზენაესმა სასამართლომაც, სადაც 9 მოსამართლიდან 3 თავად ტრამპის მიერ არის ნომინირებული.

6 იანვარს კონგრესის ორივე პალატა შეიკრიბება, რათა დაითვალოს საარჩევნო კოლეგიის მიერ მიცემული ხმები და ოფიციალურად დაადასტუროს შედეგები. სხდომას ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი წარმართავს.

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოლეგიამ უკვე გააკეთა არჩევანი და 306 ხმით არჩეულ პრეზიდენტად ჯო ბაიდენი გამოცხადდა, რესპუბლიკური პარტიის კანონმდებელთა ნაწილი გეგმავს, ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭიროს.

11 რესპუბლიკელი სენატორი, ტედ კრუზის მეთაურობით, ამბობს, რომ ბაიდენის გამარჯვების სერტიფიცირებას ხმას არ მისცემს და მოითხოვს შედეგების დამტკიცების გადადებას 10 დღით, რათა ჩატარდეს აუდიტი საარჩევნო დარღვევების თაობაზე.

ვიცეპრეზიდენტმა, მაიკ პენსმა თქვა, რომ ამ ნაბიჯს მიესალმება.

იმ შემთხვევაში, თუ საპროტესტო განცხადებას მხარს დაუჭერს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის თითო წევრი მაინც, მას 2 საათიანი განხილვა და კენჭისყრა მოჰყვება.

4-მა რესპუბლიკელმა სენატორმა, მათ შორის მიტ რომნიმ ხელი მოაწერა განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ბაიდენის გამარჯვების დამტკიცებას მხარს დაუჭერენ. საარჩევნო კოლეგიის მიერ ხმის მიცემის შემდეგ ბაიდენის გამარჯვება აღიარა სენატის უმრავლესობის ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა და პარტიის წევრებს მოუწოდა, არ გააპროტესტონ ბაიდენის გამარჯვება.

კომენტარები