ოლიმპიადა

იაპონიის პრემიერმინისტრი: ოლიმპიადა ამ წლის ზაფხულში გაიმართება

იოშიჰიდე სუგა
FT

იაპონიის პრემიერმინისტრმა, იოშიჰიდე სუგამ განაცხადა, რომ 2020 წლის ტოკიოს გადადებული ოლიმპიადა და პარაოლიმპიადა ზაფხულში დაიწყება

მისი თქმით, თამაშები უსაფრთხო იქნება. 

სუგამ თქვა, რომ თამაშების დაწყება, შესაძლოა, იყოს "გლობალური სოლიდარობის სიმბოლო".

ოლიმპიადა 23 ივლისს უნდა გაიხსნას, ხოლო პარაოლიმპიადა 24 აგვისტოს. ეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავჯდომარემ, ჯონ ქოუთსმა სექტემბერში დაადასტურა.

გასულ დღეებში იაპონიაში ახალი კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა იმატა. 31 დეკემბერს იაპონიაში 1000-ზე მეტი შემთხვევა პირველად დადასტურდა.

იაპონიაში, ჯამში, ახალი კორონავირუსის 239 041 შემთხვევა დადასტურდა, 3 337 ადამიანი კი გარდაიცვალა. 

თამაშების ჩატარების ღირებულება 2.8 მილიარდით გაიზარდა, რადგან ორგანიზატორებმა კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად ზომები უნდა დაიცვან. ორგანიზატორები გადადებას გამორიცხავენ. 

NHK-ს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით, იაპონიის მოსახლეობის უმეტესობა ეწინააღმდეგება თამაშების 2021 წელს ჩატარებას და ურჩევნიათ, რომ თამაში კიდევ გადაიდოს ან გაუქმდეს. 

აპრილში არსებობდა სერიოზული ვარაუდი, რომ, თუ ტოკიოს ოლიმპიადა 2021 წელს არ ჩატარდებოდა, ის გაუქმდებოდა.

ისტორიულად ოლიმპიადა მხოლოდ ომის გამო გაუუქმებიათ. ოლიმპიური თამაშები ჯერ არასდროს გადაუდიათ.

კომენტარები