COVID-19-ის ვაქცინა

ჩინეთში Sinopharm-ის შემუშავებული COVID-19-ის ვაქცინა გამოყენებისთვის დაამტკიცეს

GETTY IMAGES

ჩინეთში Sinopharm-ის შემუშავებული ვაქცინა გამოყენებისთვის დაამტკიცეს. ჩინური ფარმაცევტული კომპანიის Sinopharm-ის თანახმად, ვაქცინა 79.34%-ით ეფექტიანია. კომპანია ინფორმაციას ვაქცინის გამოცდის მესამე კლინიკური ფაზის შედეგებზე დაყრდნობით ამბობს.

ჩინეთი გეგმავს, ადგილობრივი წარმოების ვაქცინით თებერვლამდე 50 მილიონი ადამიანი აცრას. ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის წარმომადგენლის თანახმად, ვაქცინა მოსახლეობისთვის უფასო იქნება.

15 დეკემბრის შემდეგ ჩინეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მაღალი რისკჯგუფების აცრა დაიწყეს. ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის თანახმად, ვაქცინაციის შემდეგ 0.1% პროცენტს გამოუვლინდა მაღალი სიცხე, ხოლო ყოველ მილიონ ადამიანში ორს ვაქცინაზე ალერგიული რეაქცია ჰქონდა.

Sinopharm-ის ინფორმაციის ვაქცინის გამოცდის მესამე ფაზაში 60 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა და კვლევების შედეგები ჩინეთის და უცხოეთის სამეცნიერო ჟურნალებში ქვეყნდებოდა.

Sinopharm-ის ვაქცინა Pfizer/BioNTech-ის და Moderna-ს ვაქცინებზე ნაკლებად ეფექტიანია. ამ ვაქცინების ეფექტიანობა 95%-ია. რუსული ვაქცინა Sputnik V, მისი მწარმოებლის, გამალეის ინსტიტუტის თანახმად, 91%-ით ეფექტიანია.

79% ეფექტიანობა ასევე ჩამოუვარდება იმ მონაცემს, რომლიც დეკემბრის დასაწყისში არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გამოაცხადა, სადაც Sinopharm-ის ვაქცინის გამოცდის მესამე ფაზა ტარდებოდა. არაბთა გაერთიანებული საამიროები კვლევების შუალედურ შედეგებს ეყრდნობოდა და აღნიშნავდა, რომ ჩინური ვაქცინა 86%-ით ეფექტიანია. თუმცა Sinopharm-ის ვაქცინა ოქსფორდის უნივერსიტეტის და AstraZeneca-ს ერთობლივ ვაქცინაზე უფრო ეფექტიანია.

კომენტარები