ევროპული საქართველო

ბოკერია: მთავრობამ შეზღუდოს ადამიანი ქვეყნიდან გასვლაზე, ეს არის საბჭოთა კავშირი

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც 1 იანვრიდან საქართველოს მოქალაქის ევროკავშირის ქვეყნებში შესვლას ქართველი მესაზღვრე განსაზღვრავს.

ბოკერიას თქმით, ადამიანის თავისუფალი გადაადგილება არის ფუნდამენტური უფლება და მისი შეზღუდვა საბჭოთა წარსულის მსგავსი ფორმაა.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ იმ წუხილზე, რომელიც აქვთ ქვეყნის პარტნიორებს ზოგიერთი მოქალაქის მხრიდან თავისუფალი გადაადგილების ბოროტად გამოყენებაზე, საქართველოს მთავრობას შეეძლო პასუხი სხვა ფორმებით გაეცა და არა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით.

"ეს არის სახიფათო, სამარცხვინო, ანტიკონსტიტუციური და საბჭოთა წარსულის მსგავსი ფორმა, ეს დაახლოებით იგივეა, რომ ვიზები გჭირდებოდა საბჭოთა კავშირში, რომ გასულიყავი შენი ქვეყნიდან. თავისუფალი გადაადგილება არის ფუნდამენტური უფლება, რაც შეეხება იმ წუხილს, რომელიც აქვთ ჩვენ პარტნიორებს ზოგიერთი საქართველოს მოქალაქის მხრიდან თავისუფალი მიმოსვლის ბოროტად გამოყენებაზე, ამ პრობლემაზე პასუხის გაცემა შეიძლებოდა  სხვა ფორმით, მაგალითად, პარტნიორების ინფორმირებით იმ პირთან მიმართებაში, სადაც რისკს ხედავ შენ, რომ იცოდნენ, თუ ვინ შეიძლება გამოიყენოს ბოროტად.

თუმცა, არცერთ შემთხვევაში ეს არ შეიძლება თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით და ასეთი დისკრედიტაციის მინიჭებით ნებისმიერი მთავრობისათვის, ეს დამახასიათებელია საბჭოთა კავშირისათვის და პოსტსაბჭოთა ავტორიტარული ქვეყნებისათვის, რომ ქვეყნიდან გასვლისთვის შენი ქვეყნის მთავრობის ან ვინმეს ნებართვა გჭირდებოდეს.

ავიაკომპანია ვიღაცას დასვამს თუ არა თავის რეისზე, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ მთავრობამ შეზღუდოს ადამიანი ქვეყნიდან გასვლაზე, ეს არის საბჭოთა კავშირი". – თქვა გიგა ბოკერიამ.

2021 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გასვლისა და შემოსვლის წესები იცვლება. კერძოდ,  შენგენის რეგულაციით გათვალისწინებული დოკუმენტაცია დამატებით საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზეც შემოწმდება.

საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე თუ მას ეკრძალება ევროკავშირის/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა ან სრულად ვერ წარადგენს კანონით გათვალისწინებულ საბუთებს.

იხილეთ ვრცლად, რა შემთხვევაში არ გაგიშვებენ EU-ში და როგორ უნდა გაასაჩივროთ - ახალი წესები 1-ლი იანვრიდან 

კომენტარები