უვიზო მიმოსვლა

რა შემთხვევაში არ გაგიშვებენ EU-ში და როგორ უნდა გაასაჩივროთ - ახალი წესები 1-ლი იანვრიდან

2021 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გასვლისა და შემოსვლის წესები იცვლება. კერძოდ,  შენგენის რეგულაციით გათვალისწინებული დოკუმენტაცია დამატებით საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზეც შემოწმდება.

საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე თუ მას ეკრძალება ევროკავშირის/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა ან სრულად ვერ წარადგენს კანონით გათვალისწინებულ საბუთებს

  • ბიომეტრიული პასპორტი
  • უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი ან მოქმედი ჯავშანი
  • საცხოვრებლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მაგალითად, სასტუმროს მოქმედი ჯავშანი ან მასპინძლის თანხმობა განთავსებაზე
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის საბუთი
  • კონფერენციებშისემინარებშისაქმიან შეხვედრებში მონაწილეობის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად რეკომენდებულია მგზავრმა თან იქონიოს  ღონისძიების/კონფერენციის/სემინარის მოწვევა/პროგრამა.

  • სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად სასურველია მგზავრმა თან იქონიოს: ა) იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც დაგეგმილია მკურნალობა ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, შესაბამისი მკურნალობის ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყანაში ჩატარების შესახებ; ბ) მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მგზავრის მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით.

ახალი კანონის მიხედვით, ქართველი მესაზღვრე საპასპორტო კონტროლისას შეისწავლის საქართველოდან გასვლის დამაბრკოლებელი გარემოებებს და ამ მიზნით, შეაფასებს მგზავრის მიერ წარდგენილ დოკუმენტებს, ასევე, მგზავრის მონაცემებს სამინისტროს სისტემის მონაცემთა ბაზებში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საჭიროებისამებრ, ფასდება მგზავრის წარსულში ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია, მხედველობაში მიიღება შს მინისტრის  2020 წლის 21 დეკემბრის №176 ბრძანებით განსაზღვრული გარემოებები:

  • პირის ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში მგზავრობის/მოგზაურობის ისტორია;
  • მგზავრობის მიზანი, მათ შორის, როგორიცაა, მივლინება, გადაუდებელი სამედიცინო საჭიროება;
  • ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს პირის მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის ხელშემწყობ გარემოებაზე.

და რისკფაქტორები:

  • პირის მიერ ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადის დარღვევის ფაქტ(ებ)ი;
  • პირისათვის საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის შესახებ წინათ მიღებული გადაწყვეტილება და უარის თქმის საფუძველი (მიზეზი);
  • ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლაზე უარი;
  • პირის მიერ შეცვლილი საიდენტიფიკაციო მონაცემებით (სახელი/გვარი) ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია;
  • ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს პირის მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის დამაბრკოლებელ გარემოებაზე.

"შემოწმება ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომ - დეპარტამენტი) მოსამსახურის მიერ,  საპასპორტო კონტროლისას,  ხოლო აეროპორტებში, შემოწმება შესაძლოა შესრულდეს წინასწარ, პირის მიერ საპასპორტო კონტროლის გასვლამდეც" - აცხადებს სამინისტრო.

წესი ვრცელდება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში გამგზავრების მსურველ საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელიც სარგებლობს უვიზო მიმოსვლის რეჟიმით და ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში მიემგზავრება როგორც პირდაპირ, ისე მე-3 ქვეყანაში ტრანზიტით გავლის გზით.

როგორ ხდება საქართველოს მოქალაქისთვის სახელმწიფო საზღვრის კვეთაზე უარის თქმა?

თუ შესაბამისი შემოწმების შედეგად გამოვლინდა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე დამაბრკოლებელი გარემოება, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე იღებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებას.

დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში მიეთითება საქართველოდან გასვლაზე უარის თქმის კონკრეტული საფუძველი. გადაწყვეტილების 1 ეგზემპლარი გადაეცემა პირს, რომელსაც უარი ეთქვა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, ხოლო 1 ეგზემპლარი რჩება დეპარტამენტში.

დეპარტამენტის მოსამსახურე ახორციელებს პირისათვის საქართველოდან გასვლაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის განმარტების პროცესის ვიდეოგადაღებას ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით.

როგორია გასაჩივრების პროცედურა?

გადაწყვეტილება საქართველოდან გასვლის მსურველ პირს შეუძლია გაასაჩივროს აქტის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. საჩივარს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო იხილავს 30  დღის ვადაში, რომელიც საჩივრის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 30 დღისა.

კომენტარები