არგენტინა

არგენტინის სენატი აბორტის ლეგალიზებას უყრის კენჭს

აბორტის ლეგალიზაციის მომხრე აქტივისტების აქცია არგენტინის კონგრესის შენობასთან
Reuters

არგენტინის პარლამენტის ზედა პალატა, სენატი აბორტის ლეგალიზებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს უყრის კენჭს, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც ქვეყანაში აბორტი ორსულობის მე-14 კვირის ჩათვლით ლეგალური გახდება. კანონპროექტს უკვე დაუჭირა მხარი დეპუტატთა პალატამ.

2018 წელს მსგავსი კანონპროექტს სენატმა მხარი არ დაუჭირა, თუმცა ამჯერად ქვეყნის მთავრობა კანონპროექტის მომხრეა. 

კათოლიკე ეკლესია, რომელიც არგენტინაში მნიშვნელოვანი გავლენით სარგებლობს, კანონპროექტის დამტკიცებას ეწინააღმდეგება. 

აბორტის ლეგალიზების მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც თავის პოზიციის გამოსახატად კონგრესის შენობის წინ შეიკრიბნენ.

"დარწმუნებულები ვართ, რომ კანონი დამტკიცდება, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, ჩვენ ქუჩაში დავრჩებით. ეს ბრძოლა ქუჩაში დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდება" - თქვა აბორტის ლეგალიზების ერთ-ერთმა მხარდამჭერმა. საკანონმდებლო ცვლილებას აქტივისტები უკვე რამდენიმე წელია, ითხოვენ.

აბორტის მოწინააღმდეგეებს იმედი აქვთ, რომ კანონპროექტი არ დამტკიცდება.

"ვიცი, რომ ყველა სენატორს გულით უყვარს შვილები, შვილიშვილები და ის იმედი და სიხარული, რომელსაც ბავშვები გვაძლევენ, მჯერა ამ ბრძოლაში გაიმარჯვებენ". – აღნიშნა აბორტის ერთ-ერთმა მოწინააღმდეგე დემონსტრანტმა.

სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში აბორტთან დაკავშირებული კანონები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია. ელ სალვადორში, ნიკარაგუასა და დომინიკელთა რესპუბლიკაში აბორტი სრულიად აკრძალულია. რეგიონის სხვა ქვეყნებში კი მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებშია ნებადართული.

არგენტინაში აბორტი მხოლოდ გაუპატიურების და დედის ჯანმრთელობისთვის საფრთხის არსებობის შემთხვევაშია ნებადართული.

2018 წელს აბორტის ლეგალიზების კანონპროექტს დეპუტატთა პალატა 4 ხმის უპირატესობით დაუჭირა მხარი, თუმცა სენატმა ის 38 ხმით 31-ის წინააღმდეგ უარყო. ამჯერად პარლამენტის ქვედა პალატაში კანონპროექტმა უფრო დიდი მხარდაჭერა მოიპოვა, ის 131 ხმით 117-ის წინააღმდეგ დამტკიცდა. გავრცელებული ინფორმაციით, სენატის 72 წევრიდან 5-ს ჯერ არ გადაუწყვეტია დაუჭერს თუ არა კანონპროექტს მხარს. 

კომენტარები