არჩევნები 2020

კაპანაძე: თუ ქართულ ოცნებას აქვს რაიმე წინადადება, არის ამის ფორმატი და იქ უნდა გააჟღეროს ეს

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ოპოზიციის მოთხოვნები ყველასთვის ცნობილია და ისინი უცვლელი რჩება. კაპანაძის თქმით, ქართულ ოცნებას თუ რაიმე წინადადება აქვს, ამისთვის არსებობს შესაბამისი ფორმატი ელჩების ჩართულობით და სწორედ მანდ უნდა გაჟღერდეს ყველა წინადადება.

"ოპოზიციური პარტიების მოთხოვნები რა არის, ცნობილია, ვადამდელი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო რეფორმა - ეს სამი არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა. თუ რაიმე წინადადება არის, რომელიც ქართულ ოცნებას სურს რომ შემოგვთავაზოს, არსებობს ფორმატი ამის შემოთავაზების, ელჩების მეშვეობით და იქ უნდა გააჟღეროს ეს. თუ რაიმე სხვა არხით ამ წინადადებას რომელიმე სხვა პარტიას აწვდის, ეს მათი საქმეა და ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. ის, რომ ეხლა ერთმანეთში ლაპარაკობენ გირჩის რომელიღაც წევრები და ელისაშვილი, ეს მათი საქმეა და სიმართლე რომ გითხრათ, მაინცდამაინც საინტერესო ჩვენთვის არ არის." – თქვა სერგი კაპანაძემ

ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის, საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი უკვე გაიმართა. 

წინა მოლაპარაკებების დეტალები ამ დრომდე უცნობია საზოგადოებისთვის. სხვადასხვა ოპოზიციური ლიდერის მიერ ფრაგმენტულად გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ხელისუფლება კვლავ სრულად პროპორციული, 0%-იანი ბარიერის ინიციატივით გამოდის, რაც ერთხელ უკვე არ შეასრულა.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიციური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

ერთპარტიულად შეკრებილი მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართა.

კომენტარები