ვენესუელა

ვენესუელის ეროვნულმა ასამბლეამ არჩევნები უკანონოდ ცნო და მანდატი გაიხანგრძლივა

ნიკოლას მადურო | ხუან გუაიდო

ვენესუელის ეროვნულმა ასამბლეამ, რომელსაც ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ხელმძღვანელობს, 6 დეკემბერს ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები უკანონოდ ცნო და საკუთარი მანდატის გახანგრძლივებას უყარა კენჭი.

არჩევნებში, რომელსაც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა, ნიკოლას მადუროს სოციალისტურმა პარტიამ და მისმა მოკავშირეებმა გაიმარჯვეს.

კენჭისყრის შედეგად მოქმედი ეროვნული ასამბლეის მანდატი მომავალ წელზეც გავრცელდება, თუმცა მადურომ ამ ნაბიჯს არაკონსტიტუციური უწოდა და სასამართლოს რეაგირება მოითხოვა.

"იმედი გვაქვს, რომ მართლმსაჯულების სისტემა საკუთარ საქმეს გააკეთებს და მკაცრი რეაგირება ექნება მანდატის არაკონსტიტუციურ გახანგრძლივებაზე". - თქვა მადურომ სატელევიზიო გამოსვლაში, სადაც ქვეყნის შეიარაღებული ძალების წევრებთან ერთად გამოჩნდა.

არჩევნებისადმი ოპოზიციის ბოიკოტის მიზეზად მთავარი ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ ის თანასწორ და სამართლიან გარემოში არ ტარდებოდა. ევროკავშირმა არჩევნებზე დამკვირვებლები არ გაგზავნა და მის შედეგებს არ აღიარებს. შედეგებს არ აღიარებს არც აშშ.

მასში მონაწილეობა მოსახლეობის სულ 31%-მა მიიღო, რაც დაახლოებით 5.2 მილიონ ამომრჩეველს უდრის. არჩევნებიდან რამდენიმე "სახალხო კონსულტაცია" ჩაატარა ოპოზიციამ. მათ თქმით, ერთი კვირის განმავლობაში 6.5 მილიონამდე ადამიანი გამოკითხეს, მათ შორის 2.4 მილიონი ონლაინ, 845 000-მდე კი საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქე. მათ ჰკითხეს ცნობდნენ თუ არა 6 დეკემბრის არჩევნებს და ემხრობოდნენ თუ არა ეროვნულ და საგარეო დონეზე ვენესუელაზე ზეწოლის ყველა მექანიზმის გამოყენებას თავისუფალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად. შედეგები ჯერ-ჯერობით უცნობია, ასევე დამოუკიდებლად არ მომხდარა ოპოზიციის მიერ დასახელებული რიცხვების გადამოწმება.

მიუხედავად ამისა, გუაიდოს მეთაურობით ოპოზიციამ კენჭი უყარა ეროვნული ასამბლეის მანდატის გახანგრძლივებას. აღსანიშნავია, რომ მათ წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებები, ზეწოლის და დევნის გამო ოპოზიციონერთა ნაწილმა ასამბლეა დატოვა, ნაწილმა კი - ქვეყანა.

მიმდინარე წელს მადუროს ერთგულმა უზენაესმა სასამართლომ ახალი საარჩევნო კომისია დაამტკიცა. კომისიის წევრებიდან სამი აშშ-სა და კანადის სანქციების ქვეშაა. საარჩევნო კომისიის დამტკიცებაში მონაწილეობა არ მიუღია პარლამენტს, მიუხედავად იმისა, რომ პროცესში პარლამენტის მონაწილეობა სავალდებულოა.

მადუროს რეჟიმის მმართველობისას შექმნილი ჰუმანიტარული, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის გამო ბოლო წლებში ვენესუელა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვარაუდობს, რომ წელს ვენესუელის მშპ 25%-ით შემცირდა, ინფლაციამ ქვეყნის ეროვნული ვალუტა, ბოლივარი, უკიდურესად გააუფასურა. მის მმართველობას მხარს მხოლოდ რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

კომენტარები