არჩევნები ვენესუელაში

მადუროს მიერ ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 31%-მა მიიღო

ნიკოლას მადურო

ვენესუელაში 6 დეკემბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელსაც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა, ხოლო საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი ლეგიტიმურად არ აღიარებს. ნიკოლას მადუროს მიერ ჩატარებულ არჩევნებში მისი პარტია და მათი მოკავშირეები ლიდერობენ.

საკუთარი არჩევანი რეგისტრირებული მოსახლეობის მხოლოდ 31%-მა დააფიქსირა. დათვლილია ხმების 80%, რომლის მიხედვითაც მადუროს კოალიციამ 67.6% მიიღო, ოპოზიციურმა ბლოკმა კი, რომელიც ბოიკოტს გამოეთიშა - 18%.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ვენესუელის არჩევნებს ფარსი უწოდა.

"მადუროს არალეგიტიმური რეჟიმის მიერ გამოცხადებული შედეგები ვენესუელელი ხალხის ნებას არ გამოხატავს". - თქვა მან.

თავად მადურომ კი ხმის მიცემის შემდეგ თქვა, რომ ეს ვენესუელის ფეხზე წამოდგომის დასაწყისი იქნება.

"ჩვენ გვეყო მოთმინება და სიბრძნე, დავლოდებოდით ამ დღეს, როდესაც თავიდან მოვიშორებთ ამ საშინელ ეროვნულ ასამბლეას". - თქვა მან.

მან ოპოზიციას მოუწოდა, ისარგებლონ დონალდ ტრამპის არჩევნებში მარცხით და მოუწოდონ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას, ქვეყანას სანქციები მოუხსნას.

ამ დრომდე ეროვნული ასამბლეა ვენესუელაში ერთადერთი სამთავრობო ორგანო იყო, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებდა. მისი თავმჯდომარე ხუან გუაიდო 50-ზე მეტმა ქვეყანამ გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის გარდამავალ ლიდერად ცნო, თუმცა მადურომ ძალაუფლების დათმობაზე და ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე უარი განაცხადა.

გუაიდო ირწმუნება, რომ ვენესუელაში დარჩება და ბრძოლას გააგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში მადუროს რეჟიმმა არაერთი ოპოზიციონერი დააკავა. ის გეგმავს, რომ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში მოსახლეობასთან კონსულტაციები, ერთგვარი რეფერენდუმი ჩაატაროს და მათ ჰკითხოს, ცნობენ თუ არა ეროვნული ასამბლეის არჩევნების შედეგებს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მადუროს ერთგულმა უზენაესმა სასამართლომ ახალი საარჩევნო კომისია დაამტკიცა. კომისიის წევრებიდან სამი აშშ-სა და კანადის სანქციების ქვეშაა. საარჩევნო კომისიის დამტკიცებაში მონაწილეობა არ მიუღია პარლამენტს, მიუხედავად იმისა, რომ პროცესში პარლამენტის მონაწილეობა სავალდებულოა.

ვენესუელის არჩევნებს არ ცნობს საქართველოც. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter-ზე განცხადება გაავრცელა:

"ღრმად შეშფოთებულები ვართ ვენესუელაში მრავალგანზომილებიანი კრიზისის კიდევ უფრო გამწვავებით. საქართველო არ ცნობს 6 დეკემბრის გაყალბებული არჩევნების შედეგებს. ჩვენ ვენესუელელი ხალხის, ხუან გუაიდოს, ვენესუელის ნაციონალური ასამბლეის გვედით ვდგავართ თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ მათ სწრაფვაში," - ვკითხულობთ განცხადებაში.

ევროკავშირს ვენესუელაში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლები არ გაუგზავნია. მადურომ 6 დეკემბრის არჩევნებზე დასაკვირვებლად ევროკავშირის მისია სექტემბერში მიიწვია, რაც ორგანიზებისათვის საკმარისი დრო არ არის. საარჩევნო პროცესზე დასაკვირვებლად მისია რამდენიმე თვით ადრე იგზავნება, რათა შეაფასოს, როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია და როგორი პირობებია შექმნილი ქვეყანაში.

ამავდროულად, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მანდატი გაუხანგრძლივა გამომძიებლებს, რომლებიც ვენესუელაში ადამიანების გაუჩინარების, წამებისა და მკვლელობის საქმეებს იძიებენ.

მადუროს რეჟიმის მმართველობისას შექმნილი ჰუმანიტარული, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის გამო ბოლო წლებში ვენესუელა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვარაუდობს, რომ წელს ვენესუელის მშპ 25%-ით შემცირდა, ინფლაციამ ქვეყნის ეროვნული ვალუტა, ბოლივარი, უკიდურესად გააუფასურა. მის მმართველობას მხარს მხოლოდ რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

კომენტარები