მე-10 მოწვევის პარლამენტი

ლილუაშვილი: საქართველოს მსგავსი ეკონომიკური კრიზისი ბოლო 100 წლის განმავლობაში არსად ყოფილა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ბექა ლილუაშვილის თქმით, საქართველოში დღეს უპრეცედენტო ეკონომიკური კრიზისია და მისი მსგავსი, ბოლო ასი წლის განმავლობაში, არსად ყოფილა. ლილუაშვილმა ამის შესახებ ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაძვირებაზე საუბრისას თქვა.

"უპრეცედენტო მასშტაბის კრიზისთან გვაქვს საქმე. ბოლო ასი წლის განმავლობაში მსგავსი ტიპის ეკონომიკური კრიზისი არ ყოფილა არსად. ეს არ არის მარტო ჩვენი გამოწვევა, ეს არის გლობალური გამოწვევა და შესაბამისად, გვესმის ძალიან კარგად ჩვენი მოქალაქეების, ვინც პანდემიის შედეგად სამსახური და შემოსავალი დაკარგა. სწორედ იმიტომ აკეთებს მთავრობა იმას, რასაც აკეთებს. ყოველდღიურად ამის ანალიზს ვაკეთებთ.

რა თქმა უნდა, ტარიფის გაზრდის შემთხვევაში, ეს იქნება დამატებითი ტვირთი ჩვენი მოქალაქეებისთვის, ეს ფაქტია და შეუძლებელია ამის უარყოფა". – თქვა ლილუაშვილმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში.

ლილუაშვილის თქმით, დღეს ტარიფის გაძვირებით გამოწვეული ტვირთის დაწოლის საფრთხე არ არსებობს, რადგან 1 მილიონ 200 ათას აბონენტისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირება ხდება მთავრობისგან.

კომპანია ენერგო-პრო ჯორჯიამ უკვე მიმართა სემეკს ელექტროენერგიის ახალი ტარიფის დადგენის მოთხოვნით, რადგან, კომპანიის ცნობით, "მოქმედი ტარიფი დიდი ხანია, ვეღარ ანაზღაურებს დრამატულად გაზრდილს ხარჯებს ელექტროენერგიის შესყიდვის თუ სხვა მიმართულებით".

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, სახელმწიფო არ ჩაერევა სემეკის კომპეტენციაში ელექტროენერგიის ახალი ტარიფის დადგენის პროცესში.

კომენტარები