ელექტროენერგიის ტარიფი

თურნავა დენის გაძვირებაზე: არ ჩავერევით სემეკის კომპეტენციაში, ოპტიმალურად გადაწყვეტენ

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, სახელმწიფო არ ჩაერევა სემეკის კომპეტენციაში ელექტროენერგიის ახალი ტარიფის დადგენის პროცესში. კომპანია ენერგო-პრო ჯორჯიამ უკვე მიმართა სემეკს ელექტროენერგიის ახალი ტარიფის დადგენის მოთხოვნით, რადგან, კომპანიის ცნობით, "მოქმედი ტარიფი დიდი ხანია, ვეღარ ანაზღაურებს დრამატულად გაზრდილს ხარჯებს ელექტროენერგიის შესყიდვის თუ სხვა მიმართულებით".

"კანონმდებლობის თანახმად, ტარიფების კალკულაციას და დადგენას ახორციელებს დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისია სემეკი, რომელიც თავისი მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სემეკი მიიღებს დაბალანსებულ, ოპტიმალურ გადაწყვეტილებას, რომელიც, ერთი მხრივ, მომხმარებლის უფლებებს დაიცვას, მეორე მხრივ, ენერგოკომპანიებსაც მისცემს საშუალებას, რომ უსაფრთხოდ მიაწოდონ ელექტროენერგია მოსახლეობას და კომერციულ აბონენტებს. 

ამ ეტაპზე ჩვენ არ ჩავერევით მათ კომპეტენციაში". – თქვა ნათია თურნავამ.

ენერგო-პრო ჯორჯიას დირექტორის მიხეილ ბოცვაძის თქმით, კომპანია აცნობიერებს, რომ მნიშვნელოვნად გაზრდილი ტარიფი პრობლემატური დავალიანებებისა და სხვადასხვა რისკების ზრდას გამოიწვევს, თუმცა, თუ სრულად არ დაფინანსდა შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯი და აუცილებელი საინვესტიციო პროექტები, კომპანია ვერ განაგრძობს ოპერირებას, რისკის ქვეშ დადგება ელექტრომომარაგების საკითხი.

კომენტარები