საახალწლო ფილმები

10 საუკეთესო საახალწლო ფილმი

საახალწლო ფილმები

10 საუკეთესო საახალწლო ფილმი

ახალ წლამდე სულ ცოტა დრო რჩება. რთული 2020 წლის მიუხედავად, თავს უფლებას ვაძლევთ, რამდენიმე დღე დავისვენოთ ყოველდღიური პრობლემებისგან. საშუალება გვეძლევა, ტელევიზორთან, კომპიუტერის ეკრანთან თუ ლეპტოპთან წამოკოტრიალებულებმა მანდარინით ხელში საყვარელი ფილმებით გავირთოთ თავი.

წარმოგიდგენთ საუკეთესო საახალწლო ფილმების ათეულს. თანმიმდევრობა პირობითია. ვეცადე ისევე მეთამაშა ჟანრებით, როგორც ხაჭაპურისა და საცივის გემოები თამაშობს პირში პირველი იანვარის ღამეს. 

კუჩხი ბედინერი

დიდი ალბათობით, მოსახლეობა ქართულ ფილმებს ყველაზე ხშირად ახალი წლის პერიოდში ნახულობს. ეროვნული კინემატოგრაფი, განსაკუთრებით ძველი კომედიები, იანვრის სატელევიზიო პროგრამის განუყოფელი ნაწილია. რომელიმე (თუ ყველა არა) არხი აუცილებლად აჩვენებს მოკლემეტრაჟიან ფილმს - „კუჩხი ბედინერი“, მახვილგონიერი კომედიის მოქმედება სამეგრელოში ვითარდება, მთავარი გმირი კი ქართული ტრადიციული საახალწლო პროფესიის წარმომადგენელი - მეკვლეა. დიახ, არ მოგესმათ, პროფესიის, საკმაოდ რთულისა და საპასუხისმგებლოსი, ამას როგორც უბნის ყოფილი მეკვლე გეუბნებით, რომლის დიდებამ მხოლოდ ორ წელს გასტანა. ყველას თავისი შემცვლელი და გზის გამგრძელებელი ბროლია ჰყავს.

კერკეტი კაკალი (Die Hard)

ჩვენს სიაში ერთადერთი ფილმი, რომელშიც ზამთრის ატმოსფერო არ იგრძნობა. რა გასაკვირია?! მოქმედება ხომ ლოს-ანჯელესში ვითარდება. მიუხედავად ამისა, საახალწლო თემატიკა ფილმს ლაიტმოტივად განუწყვეტლივ გასდევს - ამას მოწმობს მოკლული ტერორისტის მაისურზე დაწერილი -  “ახლა ავტომატიც მაქვს, ჰო ჰო ჰო“, ასევე მძარცველები სწორედ საშობაო ღონისძიებაზე შეიჭრებიან, ფინალში კი ციდან ფიფქები ცვივა და ვონ მონრო ბარიტონით - “Let It Snow, Let It Snow, Let It Snow”-ს გვიმღერის. რაც შეეხება შინაარს, ყველაფერი ადგილზეა, სიკეთე ამარცხებს ბოროტებას, ძველი წყენა დავიწყებულია, შერიგებული ცოლ-ქმარი შვილებთან სახლში ბრუნდება. 

ბედნიერ შობას გისურვებთ (Joyeux Noël)

რეალურ ამბავზე გადაღებული ფილმის მოქმედება პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ვითარდება. ერთი შეხედვით ომის თემატიკა ახალ წელთან რა მოსატანია, მაგრამ აქ სისხლსა და ბატალურ სცენებს ვერ ნახავთ. ფილმის მთავარი გმირები ომით დაღლილი და სახლს მონატრებული ჯარისკაცები არიან, რომელთაც უკვე აღარ ახსოვთ, რატომ ესვრიან მოპირდაპირე სანგარში მყოფ ადამიანებს, მათ ჯერ არ დავიწყებიათ, რომ მთლიანობაში ყველანი ევროპის შვილები არიან და მცირეოდენი კულტურული განსხვავებების მიუხედავად, თითოეული მათგანისთვის მთავარ დღესასწაულად 25 დეკემბერი რჩება. სულ ცოტა ხანში იმავე სანგრებში მომდევნო თაობა კიდევ უფრო დიდ ომს გააჩაღებს, ომს, რომელშიც შობის, ქრისტიანობისა და ადამიანობის მნიშვნელობა დაიკარგება.

კლაუსი (Klaus)

საახალწლო ათეული რისი საახალწლო ათეულია ანიმაციის გარეშე. 25 წლის განმავლობაში აქ უცვლელად იყო ტიმ ბარტონის მიერ შექმნილი „კოშმარი შობის წინ“, რომელიც პრინციპში სრულყოფილი ანიმაციაა, მაგრამ ვინაიდან ახალი წელი სიახლეებთან ასოცირდება, დღევანდელ სიაში „კლაუსის“ ჩასმა გადავწყვიტე. „ოსკარის“ ნომინაციისა და ჰოლივუდის მსახიობების მიუხედავად, 2019 წელს გადაღებულმა ესპანურმა მულტფილმმა მაყურებელთა გულებში  ჯერ კიდევ ვერ დაიმკვიდრა სათანადო ადგილი. აქამდე უცნობი, გულისამაჩუყებელი ლეგენდა სანტა კლაუსზე, რომლის ცრემლების გარეშე ნახვა თითქმის შეუძლებელია.

მარტო სახლში 1-2 (Home Alone 1-2)

კევინისა და სველი/წებოვანი ბანდიტების თავგადასავლების ნახვა ისეთივე ლამაზი საახალწლო ტრადიცია გახდა, როგორიც თონის პურის რიგში დგომა. ძალიან რთულია, განაცალკევო პირველი და მეორე ნაწილი, იმიტომ რომ კრის კოლამბუსის ორივე სურათი ერთნაირად სასაცილო და საყვარელია.  ცალკე ყურადღებას იმსახურებენ მეორეხარისხოვანი პერსონაჟები - მაკკალისტერების დიდი და ხმაურიანი ოჯახის წევრები, ერთი შეხედვით საშიში მეზობელი, მტრედებიან ქალი, რომლის სახელი არავინ იცის, დონალდ ტრამპი და, რა თქმა უნდა, ფულერი, რომელიც ძილის წინ პეპსის განგებ სვამს.

ცუდი სანტა (Bad Santa)

ამ შავ კომედიაში ახალი წლის მოსვლა არავის უხარია. საეკრანო დროის დიდი ნაწილი უწმინდურ, ცუდ ადამიანებს ეთმობა. ფილმის მთავარი გმირი კი რეციდივისტი ალკოჰოლიკი უილია, რომელსაც წლიდან წლამდე სავაჭრო ცენტრების ძარცვით გააქვს თავი. მოლის შიგნიდან შესასწავლად კი სანტა-კლაუსის თამაში უწევს. მის დანახვაზე ბავშვები რწმუნდებიან, რომ სანტა-კლაუსი არ არსებობს, შეუძლებელია, ეს ცხოვრებისგან გაბოროტებული არსება ლაპლანდიაში მცხოვრები კეთილი ბერიკაცი იყოს. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ ერთი ბავშვის რწმენა საკმარისია იმისთვის, რომ ყველაფერი შეიცვალოს და ყალბი სანტა-კლაუსი ბევრი შეცდომის მიუხედავად ნამდვილად გადაიქცეს.

შობის ღამემდე (The Night Before)

სამი უახლოესი მეგობარი, რომელიც 14 წლის განმავლობაში შობას ერთად ხვდება, ელიტარულ გასაიდუმლოებულ წვეულებაზე წასვლას გადაწყვეტს. ბოროტ სანტა კლაუსებთან ჩხუბი, მაილი საირუსის კონცერტი და სხვა გიჟური თავგადასავლები ღამის ნიუ-იორკში ექსტაზით, სოკოებითა და მარიხუანით თრობის ფონზე მიმდინარეობს. ფილმი 30-ს გადაცილებული ადამიანებისთვის მიძღვნილი თანამედროვე ოდაა იმ სირთულეებზე, რომელიც ასაკთან ერთად  მოსულ პასუხისმგებლობებსა და მარადიული ახალგაზრდობის შეგრძნებასთან გამომშვიდობებას მოჰყვება.

ეს მშვენიერი ცხოვრება (It’s A Wonderful Life)

სათაური ზუსტად გადმოსცემს რეჟისორის, ფრენკ კაპრას სათქმელს. მთავარ გმირს ურთულესი პერიოდი აქვს, მის ცხოვრებას  აზრი აქვს დაკარგული, ის სასოწარკვეთილია. ჯორჯ ბეილის დაავიწყდა, რომ კარს შობაა მომდგარი, რომ სიკეთე ყოველთვის ბრუნდება, რომ ცხოვრება მართლაც მშვენიერია. თითოეული ადამიანის სიცოცხლე უნიკალურია, ის ერთი დიდებული მთლიანობის ნაწილია და მის გარეშე სამყარო არასრულყოფილია. ფილმის გადაღებიდან თითქმის 80 წელია გასული, შეიცვალა მანქანები, ჩაცმულობა, თავად ადამიანებიც, მაგრამ დარჩა იდეალები, რომლებიც მარადიულია - სიყვარული და კეთილშობილება. და გახსოვდეთ, ზარის  ხმა თუ გაიგონეთ, სადღაც, ანგელოზმა ფრთები დაიმსახურა.

რეალური სიყვარული (Love Actually)

ფილმის გამოსვლიდან დღემდე ვინ მოსთვლის რამდენი ადამიანი მდგარა შეყვარებულის კართან დიდი თეთრი ფურცლებით ხელში, რომლებზეც მნიშვნელოვანი სიტყვები წერია. საშობაო ისტორიების კომპილაცია, რომელსაც ერთი თემა, სიყვარული აერთიანებს. სიყვარული ყველას უნდა და სჭირდება, იქნება ეს პორნო მსახიობი თუ გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი. სიუჟეტური ხაზების სიმრავლე, ვარსკვლავური შემადგენლობა და ჰიუ გრანტის დაუვიწყარი ცეკვა მაყურებელს გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს. „რეალურ სიყვარულში“ მერაია ქერის მოსაბეზრებელი ჰიტის All I Want For Christmas Is You-ს ქავერსაც კი აიტანს კაცი.

უბედნიერესი სეზონი (Happiest Season)

ბოლოსკენ ახალბედა ფილმი მოვიტოვე, 2020 წელს გადაღებული რომანტიკული კომედიის სიუჟეტის ცენტრში ლესბოსელი წყვილია, რომელიც საშობაო არდადეგებს ერთ-ერთის ოჯახში ატარებს. პრობლემა იმაშია, რომ ოჯახის წევრებმა საკუთარი შვილის სექსუალური ორიენტაციის შესახებ არაფერი იციან. სიმართლის თქმა უახლოესი ადამიანებისთვის ზოგჯერ ძალიან რთული ამოცანაა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც შენი მშობლები პერფექციონისტები არიან, მაგრამ სიყვარულისა და ცოტაოდენი საშობაო განწყობის დახმარებით ყველაფერი შესაძლებელია. შობა ხომ ძველთან გამომშვიდობებისა და ახლის მიღების სიმბოლოც არის.

კომენტარები