კორონავირუსი საქართველოში

ჯანმო მზადაა, საქართველოს მხარი დაუჭიროს COVID-ვაქცინის რაც შეიძლება ადრე მისაღებად – მთავრობა

Foreign Affairs

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან საუბრისას მზადყოფნა გამოთქვა, მხარი დაუჭიროს საქართველოს, რათა ქვეყანამ კოვიდ-ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს. გიორგი გახარიასა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

"კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ გარდა COVAX პლატფორმისა, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რომელსაც სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით აწარმოებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ჯანმო მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებში, რათა ქვეყანამ ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს". – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 784 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 119 პაციენტი.

26 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 220 508 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 200 339 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 352 კი გარდაიცვალა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები