ქრისტეშობა 2021

რელიგიის სააგენტო განცხადებაში მალავს, რომ კონფესიებმა საშვზე უარი უსაფრთხოების გამო თქვეს

სადავო მიზნების მქონე რელიგიის სახელმწიფო სააგენტო განცხადებაში უმცირესობების უარს, ესარგებლათ საშობაო საშვებით და აღესრულებინათ ღამისთევის წირვა - "მაღალ პასუხისმგებლობას" მიაწერს .

"სახელმწიფომ ყველა რელიგიურ ორგანიზაციასა და მრევლს, რომლებიც შობას დღეს აღნიშნავენ, ღამით გადაადგილების ნებართვა მისცა, თუმცა, მორწმუნეებმა მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს, გაითვალისწინეს რომის და სხვა ეკლესიების მაგალითი და ტრადიციულ ღამისთევაზე თავადვე თქვეს უარი", - წერს სააგენტოს განცხადებაში.

ქრისტიანულმა კონფესიებმა 25 დეკემბრის დამდეგს, ღამისთევის მსახურებაზე დასასწრებად საშვების შეთავაზებაზე სახელმწიფოს უარი უსაფრთხოების მოსაზრებებით უთხრეს, კონფესიები დისკრიმინაციულ მიდგომასაც აპროტესტებდნენ.

საქართველოს მთავრობა რელიგიურ ჯგუფებს სთავაზობდა, მსახურებაზე დასწრების მსურველი მრევლის პირადი მონაცემები გაეგზავნათ, რომლებზეც ერთჯერად საშვებს დაუშვებდნენ. კონფესიებმა უარი უსაფრთხოების მოსაზრებებით თქვეს.

მაგალითად, ქართველ კათოლიკეთა ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ.


"საშვს აძლევენ იმას, ვის სახელებსა და პირადობის ნომრებსაც მიაწვდის ეპისკოპოსი რელიგიის სააგენტოს (რაც უკვე კარგა ხნის გაკეთებული უნდა იყოს). საიდან უნდა იცოდეს ეპისკოპოსმა, ვინ აპირებს მოსვლას წირვაზე? მით უმეტეს, რომ შესაძლოა, ისეთი ხალხიც იყოს მსურველი, რომელიც იშვიათად დადის ტაძარში? წარმოგიდგენიათ, წინამძღვარი როგორ ურეკავს ყველა ოჯახს და ეკითხება, მოდიხარ წირვაზე, პირადობის ნომერი მომეციო... განა პიროვნებების მონაცემების მიწოდება არაა პირადი თავისუფლების შეზღუდვა? ეს ირიბი იძულება ხომ არ არის, რომ ეკლესიებში ნებადართულ პერიოდში ჩატარდეს მსახურებები? რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დროის მიუხედავად პირადად ყველას შეუძლია შეხვდეს იესოს, რომელიც იბადება", - წერს facebook-ზე ქართველ კათოლიკეთა ეპისკოპოსი, ჯუზეპე პაზოტო.

იგივე თქვა სიცოცხლის სიტყვის ეკლესიის წარმომადგენელმა, ლელა ხონელიძემ ტაბულასთან საუბრისას.


"სამწუხაროდ წელს საშობაო ღონისძიება ვიდეო ხასიათის იქნება. ეს გადაწყვეტილება ეკლესიამ ძირითადად იმ მიზეზის გამო მიიღო, რომ მსახურებაზე დასასწრებად მრევლის პირადი მონაცემების გადაცემა იყო საჭირო, პრინციპში, სპეცსამსახურებისთვის", - უთხრა ევანგელური ეკლესიის, სიცოცხლის სიტყვის წარმომადგენელმა, ლელა ხონელიძემ ტაბულას.

საშობაოდ, 6 იანვრის საღამოდან, მართლმადიდებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, ღამისთევის ლიტურგია აღასრულონ, ამისთვის მთავრობა კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის, კერძოდ კი კომენდანტის საათს, მაგრამ სხვა ქრისტიანებმა ამ პრივილეგიით ვერ ისარგებლეს.

სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას", რომელიც 10-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდა, რომ, როგორც ნებისმიერი შეზღუდვა, ასევე მისგან გამონაკლისი შემთხვევები თანასწორობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების განუხრელი დაცვით დაეწესებინა და არ შეექმნა დისკრიმინაციის ახალი პრეცედენტი. 

პლატფორმა "არა ფობიას" მიიჩნევდა, რომ დაწესებული შეზღუდვიდან მხოლოდ 6 იანვრის ღამეს დაგეგმილი გამონაკლისი რელიგიის ნიშნით დისკრიმინაცია და ხელისუფლების კიდევ ერთი განაცხადია, რომ ის არ განიხილავს რელიგიურ უმცირესობებს თანასწორუფლებიან მოქალაქეებად.

განცხადება გაავრცელეს რელიგიურმა გაერთიანებებმაც, სადაც ვკითხულობთ:

"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პანდემიასთან ბრძოლის ფონზე, არ დაუშვას დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამოვლინება დომინანტურისგან განსხვავებული რელიგიური გაერთიანებებისადმი და ამ ნიშნით არ შელახოს რელიგიის თავისუფლება. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი იღონოს საიმისოდ, რომ არ შეგვექმნას დაბრკოლება სოციალური და საქველმოქმედო მსახურების პროცესში. მზად ვართ ამ, და ზოგადად, პანდემიასთან დაკავშირებული სხვა საკითხების განსახილველად შევხვდეთ საქართველოს ხელისუფლებას". - წერია განცხადებაში. 
 

კომენტარები