რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო

EMC: რელიგიის სააგენტოს საქმიანობა რელიგიური ორგანიზაციების კონტროლის რისკებს შეიცავს

EMC

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის კრიტიკული ანალიზს აქვეყნებს, რომელშიც ლაპარაკია სააგენტოს საქმიანობასთან და ფუნქციასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. EMC-ს თანახმად, სააგენტოს საქმიანობის მიმართ რელიგიურ გაერთიანებებს ნდობა არ გააჩნიათ, რადგან მის საქმიანობაზე კონტროლი საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელშია, გარდა ამისა, სააგენტო პირივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. 

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის დადგენილებით შეიქმნა და გადაწყვეტილება რელიგიური გაერთიანებებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. რელიგიური გაერთიანებები არსებით ხარვეზებად ასახელებდნენ:

  1. მათ ავტონომიაში ჩარევის რისკებს,
  2. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე მათთან კონსულტაციების არარსებობას, რაც სააგენტოს მიზნებსა და უფლებამოსილებებს ბუნდოვანებას სძენს,
  3. სააგენტოს შექმნის გაცხადებულ მიზნებს შორის რელიგიის თავისუფლების, თანასწორუფლებიანობის და სეკულარიზმის პრინციპების დაცვის გამოწვევების არასაკმარისად წარმოჩენას.

"სააგენტოს მისამართით გამოთქმული კრიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი მუდმივად არის სააგენტოს მიმართ რელიგიური გაერთიანებების ნდობის არარსებობა. ამ გარემოების გამო სააგენტოს კრიტიკა ბუნებრივია, რადგან შეუძლებელია, სახელწიფომ შეძლოს რელიგიურ გაერთიანებებთან ეფექტიანი და მჭიდრო კოორდინაცია, თუკი ამ საკითხებზე მომუშავე ორგანო დისკრედიტირებულია და რელიგიური გაერთიანებები ამ უწყებასთან ღია და მჭიდრო კომუნიკაციას უფრთხიან". - წერია EMC-ის ანალიზში.

2018 წელს, პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივით, სააგენტო უნდა გაუქმებულიყო და მისი უფლებამოსილებები შერიგების და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროზე გადანაწილებულიყო, თუმცა სააგენტომ კვლავ განაგრძო საქმიანობა.

EMC-იმ 2019 წლის დეკემბერში 17 რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლები გამოკითხა. ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რელიგიური ორგანიზაციების უმეტესობა კვლავ სკეპტიკურად აფასებს რელიგიის საკითხზე სპეციალიზებული ორგანოს არსებული ფორმით საქმიანობას.

"სააგენტოს შექმნამდე საქართველოს მთავრობას არ გაუვლია შესაბამისი კონსულტაციები რელიგიურ ორგანიზაციებთან იმის შესახებ, თუ როგორ წარმოედგინათ მათ რელიგიის საკითხზე მომუშავე სპეციალური ორგანიზაციის საქმიანობა. EMC-ს მიერ 2019 წლის დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რელიგიური გაერთიანებებისთვის ყველაზე სასურველი იქნებოდა, ამგვარ ორგანოს საკონსულტაციო ფუნქცია ჰქონოდა". - წერია ანალიზში.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ერთ-ერთი პასუხისმგებელი ორგანოა: 1. საქართველოში რელიგიის თავისუფლების, ტოლერანტობის, თანასწორუფლებიანობისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის განმტკიცებაზე; 2. საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის ანალიზსა და შესაძლო რელიგიური შეუწყნარებლობის შემთხვევებზე კვალიფიციური კვლევის ჩატარებაზე; 3. ზოგადი განათლების სისტემაში რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპების განმტკიცებაზე; 4. რელიგიური გაერთიანებების მიერ საკუთარი საქმიანობის შეუზღუდავად წარმართვის შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე. თუმცა, სააგენტოსთვის მიმართ არსებული დაბალი ნდობის გამო, მასზე ამ მასშტაბური ფუნქციების დაკისრება, პრობლემურად იქნა მიჩნეული.

EMC-ის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წელს მიღებული ორი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიუხედავად, რომლითაც არაკონსტიტუციურად ცნო საგადასახადო და ქონების კანონმდებლობაში არსებული ნორმები, რომლებიც პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას, სააგენტოს ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების კანონმდებლობაში ასახვის თვალსაზრისით ინიციატივა არ გამოუჩენია. ნაცვლად ამისა, რელიგიის საკითხთა სააგენტო, ფაქტობრივად, დაარსებიდანვე ლობირებს რელიგიის შესახებ სპეციალური კანონის მიღების ინიციატივას.

რელიგიური უმცირესობების საკითხების უსაფრთხოების ჭრილში აღქმა სამინისტროს მხრიდან განსაკუთრებით აშკარაა მუსლიმ თემთან დამოკიდებულებაში. სააგენტო არ თანამშრომლობს მისთვის არასასურველ მუსლიმურ ორგანიზაციებთან.

"კერძოდ, მას არა აქვს საქმიანი კომუნიკაცია პანკისის ხეობის სალაფიტურ თემთან, ძირითადად აჭარაში მოქმედ ქართველ მუსლიმთა კავშირთან და ეთნიკური აზერბაიჯანელების მიერ შექმნილ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლეს სასულიერო სამმართველოსთან. ნაცვლად ამისა, სააგენტო მუსლიმი თემის წარმომადგენლად განიხილავს სრულიად საქართველოს სამუფტო სამმართველოს, ორგანიზაციას, რომელიც თავიდანვე პოლიტიკური მიზნით შეიქმნა და რომლის სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობა მუდმივად ბადებს კითხვებს

ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების თაობაზე მუსლიმი თემის მოთხოვნის პარალელურად, მთავრობამ ბათუმში მეჩეთის გაფართოების, რელიგიური სასწავლებლის და სამუფტო რეზიდენციის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა მუსლიმი თემის საჭიროება ბათუმში სათანადო პირობებში ლოცვის შესახებ კვლავ შეუსრულებელია. რელიგიის საკითხთა სააგენტომ ეფექტიანად ვერც თერჯოლაში იეჰოვას მოწმეებსა და მართლმადიდებელ მრევლს შორის მომხდარი კონფლიქტის განსამუხტად და იეჰოვას მოწმეების მიმართ თანასწორი გარემოს უზრუნველსაყოფად იმოქმედა და ვერც სოფელ მოხეში სადავო მეჩეთის საკითხის დასარეგულირებლად, სადაც სააგენტოს ეგიდით შექმნილმა კომისიამ შენობის კონფესიური კუთვნილების დადგენაზე უარი თქვა და კონფლიქტის ჩახშობა მუსლიმებისთვის ახალი მეჩეთის ასაშენებელი სივრცის შეთავაზებით სცადა". - წერს EMC.

EMC-ის მიერ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსგან საჯარო ინფორმაციის სახით გამოთხოვილი კომისიის რეკომენდაციებიდან ირკვევა, რომ კომისიაზე განხილული საქმეების უდიდესი ნაწილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭიროებას ეხება და სხვა რელიგიური ორგანიზაციების საჭიროებების შესახებ მიმართვების ოდენობა რამდენჯერმე ნაკლებია დომინანტი რელიგიური ჯგუფის შუამდგომლობების რაოდენობაზე. გადაუჭრელი რჩება საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების დაბრუნების შესახებ კანონმდებლობით მკაფიო კრიტერიუმების დადგენაც.

პრობლემურია ინტერრელიგიური სათათბირო საბჭოს საკითხიც, რომელიც 2014 წელს შეიქმნა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ეგიდით. სააგენტოს ინფორმაციით, სათათბიროს საქმიანობაში "მონაწილეობს საქართველოში არსებული თითქმის ყველა რელიგიური გაერთიანება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ისტორიული რელიგიებისა და სხვა მცირერიცხოვანი რელიგიების ჩათვლით". EMC-ის აზრით, სააგენტოს ვებგვერდზე სათათბიროში მონაწილე რელიგიური ორგანიზაციების ამგვარი ჩამოთვლა კიდევ ერთხელ, ენობრივ დონეზე ააშკარავებს სააგენტოს მიერ რელიგიური ორგანიზაციების იერარქიზაციას, რაც მის საქმიანობაში ხშირად გამოვლენილა და რაზეც თავად რელიგიური ორგანიზაციებიც გამოთქვამენ უკმაყოფილებას

EMC-ის თანახმად, 2018 წლის დეკემბრისთვის სათათბიროს წევრად 12 რელიგიური გაერთიანებაა მითითებული, მაშინ, როდესაც ამ გაერთიანებების რიცხვი საქართველოში ბევრად მეტია. მაგალითისთვის, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიურ საბჭოში გაწევრიანებულია 33 რელიგიური გაერთიანება. გაუგებარია, თუ რა პრინციპით გამოყოფს რელიგიის საკითხთა სააგენტო იმ რელიგიურ ორგანიზაციებს, რომლებთანაც თანამშრომლობს ინტერრელიგიური სათათბიროს ფორმატში

ინტერრელიგიური სათათბიროს დაკომპლექტების პრინციპების გარდა, ასევე ბუნდოვანია ინტერრელიგიური სათათბიროს ფუნქციები, მისი საქმიანობის ფორმალური წესები, მიზნები და ამოცანები.

"ზემოთ წარმოდგენილი შეფასებები აჩვენებს, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მანდატი და საქმიანობა ბუნდოვანი და პრობლემურია და რელიგიური ორგანიზაციების კონტროლისა და მათ შიდა საქმეებში ჩარევის მაღალ რისკებს შეიცავს. 6 წლის განმავლობაში უწყებამ ვერ შეძლო რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინსტიტუციური და საკანონმდებლო გამოწვევების გადაჭრასთან დაკავშირებული ინიციატივების შემუშავება და დღის წესრიგში დაყენება". - წერს EMC

 

კომენტარები